“მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ამისთვის საჭიროა ევროპული სტანდარტების ეკონომიკის და ბიზნეს გარემოს შექმნა.
ამ მიზნით ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ევროპული ხარისხის და სტანდარტების ინსტიტუტებს, როგორიც არის კონკურენციის პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო, როგორიც არის კომერციული დავების განხილვის ალტერნატიული ინსტრუმენტების გაძლიერება და განვითარება, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება ბიზნესისთვის, როგორც მართლმსაჯულების პრაქტიკის ნაწილი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი.
ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ასევე აუცილებელია, ეს არის ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღება და საქართველოს როგორც რეგიონის ჰაბის პოპულარიზაცია, მისი ჰაბის როლის კიდევ უფრო გაძლიერება.
ამ კუთხით ჩვენ გავაგრძელებთ სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ ლიბერალიზაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ დავასრულებთ წარმატებით მოლაპარაკებებს ისრაელთან, ინდოეთთან და ერთ-ერთ ყველაზე ჩვენს მთავარ სტრატეგიული პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ პოლიტიკური განზომილების მქონე მოცემულობა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, ეს გამოიწვევს იმას, რომ ინვესტორისთვის საქართველო აღარ იქნება მხოლოდ ოთხ მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი და მას ექნება წვდომა რეგიონისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში არსებული ქვეყნების სამომხმარებლო ბაზრებთან .
„ჩვენ ამ პროცესებიდან მივიღოთ მაქსიმალურად რომ მივიღო ეკონომიკური სარგებელი და თითოეული ადამიანისთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდა იყოს სარგებლის მომტანი, ანუ იყოს ინკლუზიური, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში განვითარდეს მაღალი ხარისხის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა.
მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შევეხო.
პირველი, მომდევნო წლების განმავლობაში სახელმწიფო შეინარჩუნებს 8%-იან მაჩვენებელს კაპიტალური ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვახორციელებთ ორჯერ მეტ ინვესტიციას ვიდრე ამას ვაკეთებდით წინა წლების განმავლობაში რადგანაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ოც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება ქვეყნის ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ენერგოდამოუკიდებლობა. ენერგოდამოუკიდებლობის შემდგომი ზრდა გარკვეული მიზნით, ბუნებრივია ჩვენ გავაძლიერებთ ენერგოეფექტურობის პოლიტიკას მაქსიმალურად ავითვისებთ განახლებულ ენერგორესურსებს და ასამდე საინვესტიციო პროექტს, რომელიც უკვე არსებობს ეტაპობრივად განვახორციელებთ.
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარება, რაშიც ჩვენ ძირითად აქცენტებს გავაკეთებთ და 2024 წლისთვის ქვეყანაში იქნება 1140 კილომეტრზე მეტი განახლებული ინფრასტრუქტურა ენერგეტიკული ქსელის თვალსაზრისით.
რაც შეეხება სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების აქტიურ პოლიტიკა დავნერგეთ, სოციალური სისტემის ეფექტიანობა, გარემოს დაცვის პოლიტიკა იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ასევე ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება შედეგს, ყოველივე ამის შედეგად ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც 2021-2025 წლებში გაიზრდება ყველაზე სწრაფად რეგიონსა და ევროპაში და ეს არის დადასტურებული შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ამ ყველაფერს მოყვება დაახლოებით 200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა კერძო სექტორში და ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის ნაბიჯებით შევძლებთ, რომ ქვეყნის გამოწვევების ეკონომიკა, რაც დღეს გვაქვს ვაქციოთ ევროპული სტანდარტების შესაძლებლობების ეკონომიკად“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.