საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას განაგრძობს.
კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობების - წყალმიმღები კვანძის, ჰიდრანტების, გამანაწილებელი და შემტბორავი ჭების, დამცლელი კვანძის მოწყობას. ამ ეტაპზე ეწყობა პოლიეთილენის სხვადასხვა დიამეტრის მილები საერთო სიგრძით 10 850 მეტრი.
ჩატარებული სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში დამატებით 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რეგულარულად მორწყვას უზრუნველყოფს.
პროექტის ღირებულებაა 1 935 879 მლნ ლარი.
საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
დღეის მდგომარეობით საქართველოს მელიორაცია კახეთის რეგიონში ერთდროულად 15 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 1990 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 9 300 ჰექტარზე გაუმჯობესდება.