გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატას (LCCI) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
დოკუმენტის მიზანი საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრებს ერთმანეთთან საქმიანი კონტაქტების დამყარებაში დახმარება და ბრიტანული ბიზნესისთვის საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაა.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ უფრო გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს. გასული და მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავარი ინვესტორია. სასიხარულოა, რომ ამ გარემოებაზე COVID-19-ის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია. საქართველოს საელჩო განაგრძობს აქტიურ მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში მხარდაჭერის და ხელშეწყობის აღმოჩენის მიზნით“, - აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობის შესახებ ჩემი პირველი შეთანხმება, ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის რანგში, გავაფორმე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. ვიმედოვნებ, რომ ეს დოკუმენტი საფუძველს ჩაუყრის სამაგალითო თანამშრომლობას, როგორიც დამახასიათებელია თავისუფალი დემოკრატიის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებისთვის და ხელს შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენს ბიზნესებს შორის საერთო კეთილდღეობის მოტანას“, - აღნიშნა, თავის მხრივ, რიჩარდ ბერჯმა.
ცნობისთვის, ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ზომისა და პროფილის კერძო ბრიტანულ და გლობალურ კომპანიებს აერთიანებს და ხელს უწყობს ეკონომიკის ყველა დარგში ბიზნესის განვითარებას.