logo_geo
eng_logo
იგორ გიორგაძე წინასაარჩევნოდ თბილისში ბრუნდება!
- +

29 ივნისი. 2016. 17:45



რატომ ტარდება უხმაუროდ სასამართლო პროცესები, დაჰკითხავს თუ არა სახელმწიფო ბრალდება რესპუბლიკელ მინისტრ აგულაშვილსა და ექს-მინისტრ ნარჩემაშვილს და ვის შემოჰყავს ქართულ პოლიტიკაში უშიშროების ყოფილი მინისტრი?



ამჯერად, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ რეინკარნაციასინტერპოლის'' მიერ ძებნილი იგორ გიორგაძე ცდილობს, თანაც სრულიად უხმაურო ვითარებაში. ალბათ, ძალიან ვიწრო წრის გარდა, არავინ იცის, რომ 2016 წლის 30 მარტიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-მინისტრისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის სასამართლო ფორსირებულ რეჟიმში, თავად პროცესი კი გიორგაძის რეაბილიტაციისკენ მიდის. ეს საქმე კი სასამართლოში 2015 წლიდან დევს. სხვათაშორის, ექს-მინისტრის უფლებებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატები, გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი იცავენ, ხოლო მოსამართლე გიორგი ჩიქოვანია, რომელიც ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს სისხლის სამართლის კოლეგიაში და ჩვენი ინფორმაციით, ეს მისი პირველი სისხლის სამართლის საქმეა.



ეს ინფორმაცია, პირველ რიგში, მოსამართლის თანაშემწე ია ბარამიძესთან გადავამოწმეთ. დეტალების მოძიება საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ განრიგში, ოფიციალურ ინტერნეტსაიტზეც მარტივად შეიძლება. სწორედ ასე გავარკვიეთ, რომ გიორგაძის პროცესი მართლაც სწრაფად მიდის. პირველი პროცესის, 30 მარტის შემდეგ, სასამართლო 4 მაისს, 23 მაისს, 27 მაისს, 1 ივნისს, 9 ივნისს და 22 ივნისსაც გამართულა. რიგში კიდევ ორი წინასწარჩანიშნული პროცესია - 28 ივნისს და 7 ივლისს. როგორც ჩანს, გიორგაძე სამშობლოში დაბრუნებას ჩქარობს და დიდი ალბათობით, არჩევნებშიც ჩაერთვება.


გავარკვიეთ ისიც, რომ იგორ გიორგაძესთან ერთად, სასამართლო ედუარდ ნასყიდაშვილის, იური გულიევის, ზურაბ ჭელიძის, ლევან ზაქარეიშვილის, ჯუმბერ საყვარელიძისა და ოლეგ კუჭავას საქმეებსაც იხილავს. გიორგაძისა და ამ ხალხის წინააღმდეგ წაყენებულ მუხლთა არასრული ჩამონათვალი ასეთია: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 65-ე, 67-ე, 78-ე, 104-ე და სხვა მუხლები (ძვ. რედაქცია). აქედან ერთ მუხლსაც თუ განვმარტავთ, მაგალითად 65-ე, რაც სამშობლოს ღალატს გულისხმობს, ადვილი მისახვედრია, რომ საქმე ეხება 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტს, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით, იგორ გიორგაძემ და მისმა მომხრეებმა მაშინდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს მოუწყვეს. გამოდის, 1995 წლის საქმეს 2016 წელს, 21 წლის შემდეგ არჩევნებამდე 3 თვით ადრე, თბილისის საქალაქო სასამართლო განსაკუთრებული ინტენსივობით იხილავს, თანაც ისე, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცის! რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები - რატომ, ვის ინტერესებში შედის გიორგაძის გააქტიურება და რა როლი შეიძლება ჰქონდეს უშიშროების ყოფილ მინისტრს, ცნობილ „გადამტრიალებელს" წინა თუ პოსტსაარჩევნო პროცესებში?



1995 წლის ამ გახმაურებული საქმის დეტალები დღესაც ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, მასში დღევანდელი მინისტრი და კიდევ ერთი ექს-მინისტრი მონაწილეობდნენ.




გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და შს ყოფილი მინისტრი, სოციალ-დემოკრატების ლიდერი კობა ნარჩემაშვილი, ანუ მაშინდელი გამომძიებელ-პროკურორები, შევარდნაძისთვის მოწყობილი ტერაქტის მონაწილეების წინააღმდეგ შედგენილი სქელტანიანი საბრალდებო დასკვნის ავტორები არიან. საინტერესო კიდევ ისაა, დაჰკითხავს თუ არა სასამართლო ამ პოლიტიკოსებს და რა სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ გიორგაძის გამართლების შემთხვევაში?!

 

 

ამ ძველი საქმის მოვლენათა ძალიან მოკლე ქრონოლოგია ისაა, რომ რამდენიმე ეჭვმიტანილი ტერაქტიდან მეორე დღესვე, 30 აგვისტოს აიყვანეს. საქმე #341-ის გამოძიება 7 თვეში დასრულდა, 1996 წლის 26 მარტს ისე, რომ გიორგაძე და სხვა ძებნილი პირები სასამართლოს არ დასწრებიან. განაჩენი მკაცრი იყო - მათ ბრალად სამშობლოს ღალატი, საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული ხელშეუხებლობის, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით სამსახურებივი მოღვაწეობა, სახელმწიფო მოღვაწის მკვლელობისთვის მზადება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და შეიარაღებული ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა დაედოთ. საბოლოო განაჩენი დამნაშავედ მიჩნეულთათვის 1997 წლის 21 აპრილს დადგა - მთავარი ეჭვმიტანილი იგორ გიორგაძე კი მას მერე ძებნილის სტატუსით ცხოვრობს. მოგვიანებით, გასამართლებული პირები თავად შევარდნაძემ შეიწყალა და ამ მოვლენას, მაშინდელი პოლიტიკოსების ნაწილმა „საუკუნის შეწყალება" უწოდა, მეორე ნაწილი კი იმაზე ქილიკობდა, შევარდნაძის ღალატი სამშობლოს ღალატს რატომ გაუტოლესო. უშიშროების ყოფილი მინისტრის გარშემო წლების მანძილზე მიმდინარე აჟიოტაჟი ჩაწყნარდა. თუმცა დროებით, რადგან ექს-მინისტრის სახელთან კიდევ ერთი გადატრიალებაა დაკავშირებული, უახლესი წარსულიდან. ეს ამბავი 2006 წლის 4 მაისს მოხდა, როცა უკვე ნაციონალების ხელისუფლების მტკიცებით, რამდენიმე ადამიანი სახელმწიფო ამბოხის მოსაწყობად შეიკრიბა. ეს ე.წ. გიორგაძის მომხრეების საქმის სახელით ცნობილი სკანდალია, რომლის გამოც, გიორგაძის პარტია „სამართლიანობის" წევრები და მასთან დაკავშირებული პირებიც სამშობლოს მოღალატეებად შერაცხეს. პარტიის თანათავმჯდომარეს მაია თოფურიას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, კახა ქანთარიას - 8 წლით, თემურ ჟორჟოლიანსა და რამაზ სამნიძეს - 7-7 წლით, რევაზ ბულიას, გურამ პაპუკაშვილს, იაკობ კვინიკაძეს, გიორგი ახობაძეს, ზაზა დავითაიასა და ვახტანგ ტალახაძეს - 4,5 წლით, გენადი არჩვაძეს - 7 წლით, მაია ნიკოლეიშვილს - 2 წლით პირობითი სასჯელი, გიორგი მეტრეველს - 4 წლით, ვალერი გალდავას კი - 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.



14 ადამიანს საკონსტიტუციო წყობის ძალისმიერი ჩამოგდების მიზნით შეთქმულებაში ბრალი ისე დაედო, თავად გიორგაძეს ბრალიც კი არ წაყენებია. რაკი ,,გიორგაძის მომხრეების'' ამბოხის საქმეში თავად გიორგაძესუფთაა", ხოლო შევარდნაძისთვის მოწყობილი ტერაქტის პროცესი მისი რეინკარნაციისთვის მიმდინარეობს, იგორ გიორგაძე არათუ საქართველოში დაბრუნდება, თავისი პარტიით, რომელიც არასდროს გაუუქმებია და რომლის თავმჯდომარეც დღემდე თვითონაა, საარჩევნო პროცესებშიც უპრობლემოდ მიიღებს მონაწილეობას, თუკი სასამართლო ოქტომბრამდე დასრულდება!

 

 

ეს არც ლოგიკური დასკვნებია და არც ცუდი სიზმარი უნახავს ვინმეს - გიორგაძე წლებია საქართველოში დაბრუნებას აანონსებს, ბოლო წლებში კი ეს ანონსები უფრო კონკრეტული გახდა. 2012 წელს, გიორგაძის თქმით, მისმა ადვოკატმა პროკურატურაში მოთხოვნა შეიტანა მისთვის ძებნილის სტატუსის მოსახსნელად. ექს-მინისტრმა კი განაცხადა, „არც ერთ სასამართლოს, არც ერთ საგამოძიებო ორგანოს არ წაუყენებია ჩემთვის ბრალი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ ხელისშემშლელ პირობას, რათა დავბრუნდე საქართველოში". ამის შესახებ მან ერთ-ერთი მედიასაშუალების პრესკლუბში ონლაინპრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გეგმებიც იქ ჩამოკაკლა. „ჩემს წინააღმდეგ მიცემული ყველა ჩვენება მოწმეებმა სასამართლო პროცესზე გადათქვეს, თუმცა წინა ხელისუფლების არსებობის პირობებში, ქვეყანაში დაბრუნება ვერ მოვახერხეო". მეტიც, გიორგაძემ იმაზეც ისაუბრა, მარტო საქართველოში არსებული პარტია „სამართლიანობა" კი არაა, სხვა ორგანიზაციაც მაქვსო: „მე არ შემიწყვეტია პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. რეგისტრირებული მაქვს პარტია „სამართლიანობა", ვარ ამ პარტიის ხელმძღვანელი და ვაგრძელებ მოღვაწეობას. 2009 წელს მოსკოვში დავარეგისტრირე საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უცხოეთში", რომელიც საქართველოდან იძულებით წასულ პირებს აერთიანებდა... მე გამაჩნია კონტაქტები, რომლებიც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საქართველოსთვის სასიკეთოდ გამოვიყენო". გიორგაძეს როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ „მისი კონტაქტების საქართველოს სასიკეთოდ გამოყენება" უკვე ნანახი გვაქვს. საკუთარი გეგმები მან არც რუსული მედიას დაუმალა - ინტერვიუ რუსულ ტელეკომპანია „ლაიფ ნიუსსაც" მისცა, უკვე 2013 წლის შემოდგომაზე, სადაც საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა და განაცხადა, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოში დავბრუნდებიო.



თბილისში დაბრუნების გეგმას უშიშროების ყოფილი მინისტრი თანმიმდევრულად მიჰყვება, ზედმეტი ხმაურის გარეშე. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო პროცესები აქამდე დახურული იყო. ამის შესახებ ერთი, ასე ვთქვათ, თვითმხილველიც გვიამბობდა, რომლის თქმით, იმ დღეებში, როცა პროცესი იყო ჩანიშნული, ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს შენობაში გამოქვეყნებული არ ყოფილა. თუმცა ამ ფაქტს გიორგაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ პროცესი ყველა მსურველისთვის ღიაა. გავარკვიეთ ისიც, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარეს დაზარალებულთა შორის ორი ცნობილი პოლიტიკოსი - ვახტანგ რჩეულიშვილი და პეტრე მამრაძე ჰყავს სიაში. როგორც გაგი მოსიაშვილთან საუბრისას გავარკვიეთ, საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვიდან, მხარეები უკვე მოწმეთა დაკითხვაზე გადადიან, ხოლო რამდენიმე პროცესს, გიორგაძის მხრიდან, მისი მეუღლე ესწრებოდა. რატომ იხილავს სასამართლო 20-წლიანი „დაძველების" საქმეს ფორსირებულ რეჟიმში, ვინ არიან ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეები და რა სამართლებრივი შედეგების იმედი აქვს თავად გიორგაძეს - „ვერსია" შეეცადა ამ კითხვებზე პასუხები ადვოკატ გაგი მოსიაშვილისგან მიეღო, რომელიც აცხადებს, რომ ძველ საქმეს ახალი სიცოცხლე საკონსტიტუციო სასამართლომ შთაბერა:



- საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო ბრალდებას დაავალა, 1 მაისამდე, ძებნილ პირთა საქმეები საქალაქო სასამართლოში განსახილველად გადაეგზავნათ. ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, თუმცა კარგია, რომ ახლა მოხდა, რადგან საპროცესო კანონმდებლობა აქამდე იძლეოდა იმის საშუალებას, ძებნილი პირებისგან დამოუკიდებლად, მათი დასწრების გარეშე ჩატარებულიყო სასამართლო პროცესები. შესაბამისად, როგორც სხვა საქმეები, ისე აღნიშნული საქმეც, სასამართლოში გაიგზავნა. ამჟამად, პროცესები მიმდინარეობს. ჯერ მოწმეთა დაკითხვა არ დაწყებულა, მაგრამ სასამართლო არსებითი განხილვის პროცესშია. ნებისმიერი იურისტი, ვინც ამ საქმეში ჩაიხედავს, მიხვდება, რომ მაშინდელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორია. მალე ყველა მიხვდება, რა აბსურდულ ბრალდებებთან გვაქვს საქმე. მე სამართლიანი სასამართლოს იმედი მაქვს!


 

- ამ საქმის ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს? მას მერე 20 წელზე მეტი გავიდა.

 

 

- არა, ხანდაზმულობის ვადა იმ შემთხვევაში არ მოქმედებს, როცა პირის მიმართ ბრალი წარდგენილი არ არის. ახლა მთავარია, სასამართლომ კონკრეტული პირების მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.



- პროცესი საკმაოდ სწრაფად მიდის. რატომ და როდისთვის ვარაუდობთ მის დასრულებას?

 

 

- რაც უფრო ხშირად ჩაინიშნება პროცესები, მით უკეთესი. ეს ჩემს ინტერესებშიც შედის და მით უფრო სწრაფად მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. სხვათა შორის, პროცესების ჩანიშვნა უფრო სწრაფადაც კი შეიძლებოდა, თუმცა ბევრი რამაა გათვალისწინებული და ასე გამოვიდა. სავარაუდოდ, პროცესები არც მომავალში უნდა გაჭიანურდეს. ყოველ შემთხვევაში, ზედიზედ 2 პროცესი უკვე ჩანიშნულია, მომავალი პროცესი 7 ივლისს იქნება. თუმცა დღეს ვერავინ განსაზღვრავს, როდის დასრულდება სასამართლო, მით უმეტეს, ბრალდების მხარეს საკმაოდ ბევრი მოწმე ჰყავს.



- ვინ არიან ეს მოწმეები?

 

 

- 90-95-იანი წლების ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები და ისინი დასაკითხ პირთა სიაში არიან.



- დასაკითხ პირთა სიაში კობა ნარჩემაშვილი და გიგლა აგულაშვილიც არიან?

 

 

- თუ არ ვცდები, ნარჩემაშვილი არ არის. თუმცა ვადასტურებ, რომ აგულაშვილი ნამდვილად ამ საქმის გამომძიებელი იყო. მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, მთელი 90-იანი წლების გახსნილ-გაუხსნელი საქმეები ამ ადამიანებისა და კონკრეტულად, იგორ გიორგაძის გვარზეა მიწერილი. საბრალდებო დასკვნა მოცულობითი, 70-გვერდიანია, ბრალდების პოზიციები კი, ძირითადად, ძალიან აბსურდულია. წინასწარ არ მიყვარს საუბარი, მტკიცებით ფორმაში მხოლოდ სასამართლოზე ვისაუბრებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ბრალდებების აბსურდულობაში ყველა დარწმუნდება.



- ბატონო გაგი, რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს გიორგაძის გამართლების შემთხვევაში. დაისჯებიან თუ არა საბრალდებო დასკვნის ავტორები და თავად გიორგაძე რას ითხოვს, მისი მთავარი მიზანი არ არის?



- ამ ვითარებას ობიექტურად შევხედოთ: სახელმწიფო ბრალდების ვალდებულებაა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მსჯელობა. 1990-იან წლებში ბრალდებას ჰქონდა „ალბათობის მაღალი ხარისხით დასაბუთებული არგუმენტების" გამოყენების შესაძლებლობა, ძველი კანონმდებლობა ამ ტერმინილოგიას იცნობდა. შესაბამისად, გიორგაძის საქმეც ამ სტანდარტით განიხილებოდა და ამ არგუმენტების მიხედვით, ადამიანებს ბრალი წარედგინათ. ახლა სასამართლოს შეუძლია, ვითარება ობიექტურად შეაფასოს და წარდგენილ ბრალდებაში კონკრეტული მტკიცებულების სამართლიანობის, კანონიერების საკითხი განიხილოს. სასამართლო, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, წარდგენილ მტიცებულებებს ამოწმებს, ხოლო საბრალდებო დასკვნის ავტორი რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ის მტკიცებულებები, რომელთაც შემაჯამებელი გადაწყვეტილება ეყრდნობა, გაყალბებულია!



- და თქვენს შემთხვევაში რა იკვეთება?

 

 

- ყველა დარწმუნდება ბრალდების აბსურდულობაში! ეს მრავალტომიანი საქმეა, სადაც მთელი 90-იანი წლების საქმეები ამ რამდენიმე პირის ირგვლივაა შეკრებილი. მასალების გაცნობის შედეგად, ცხადი ხდება, რომ მათი უმეტესობა აბსურდულია და საერთოდ არ იკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა. ცალკე საკითხია რეაბილიტაცია. ჩვენი მიზანი სამართლიანი განხილვა და საქმის ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასებაა, ხოლო რა იქნება მომავალში, გამტყუნდება თუ გამართლდება გიორგაძე, ეს უკვე სასამართლოს შესაფასებელია.




ავტორი: ნინო კომახიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner