„უნდა გავიმარჯვო და თან, მინდა, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის მაგალითი ვიყო", - ამბობს პოლიტოლოგი გია მაისაშვილი, რომელიც ერთ წელზე მეტია სიმსივნეს ებრძვის და დანებებას არ აპირებს.
„არაფერი დამიშავებია, თუმცა ცოდვა ყველას ჩაგვიდენია და უცოდველი არავინაა, მაგრამ ისეთი ცოდვა არ მადევს კისერზე, რომ რაღაცის გამო დავისაჯო. თან, იმდენი კარგი რამ მაქვს გასაკეთებელი, არ მგონია, ამ ეტაპზე დავმარცხდე.
უნდა გავიმარჯვო და თან, მინდა, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის მაგალითი ვიყო.
უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს და ჩემს დას, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ. ჩემი და ამერიკიდან დაბრუნდა და 24 საათის განმავლობაში, როგორც თოთო ბავშვს, ისე მივლიდა.
ჩემი შვილებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ერთი წუთით არ უშვებენ, რომ შეიძლება მამას რამე დაემართოს. ამ თემაზე პირდაპირ არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ამას ვგრძნობ მათ დამოკიდებულებაში, საუბარში... იციან, რომ მამას განსაცდელებთან ომი ახასიათებს. არ მინდა, რომ ვუღალატო", - ამბობს გია მაისაშვილი.