ლაგოდეხში, სოფელ უზუნთალაში, ქალის დაჭრის მიზეზად ოჯახის წევრები ქურდობის მცდელობას უკავშირებენ.
როგორც დაზარალებულის მეუღლემ „კურიერს“ განუცხადა, ქალმა სცადა, რომ დამნაშავისთვის ნიღაბი მოეხნა, რის შემდეგაც მას მამაკაცმა ჭრილობები მიაყენა.
„ჩემმა მეუღლემ შუაღამისას, დაახლოებით 3 საათზე, ხმაური გაიგო. მეორე ოთახში გავიდა და დაინახა, რომ სახლში უცხო მამაკაცი იყო. ის იმ ადგილთან იდგა, სადაც ფულს და ოქროულობას ვინახავთ. ჩემმა მეუღლემ მისთვის ნიღბის მოხსნა სცადა, რა დროსაც დამნაშავემ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. როცა ჩემი მეუღლე ვნახე, კონტაქტური არ იყო და შესაბამისად, ვერ გავესაუბრე“, - უთხრა „კურიერს“ დაჭრილის მეუღლემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებული ქალის დაზიანებების შესახებ პოლიციაში შეტყობინება ლაგოდეხის საავადმყოფოდან შევიდა.
დაიწყო დაუყოვნებლივ საგამოძიებო ღონისძიებები.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.