logo_geo
eng_logo
„მედიაჩეკერი“: ინტერვიუს დადგმის მცდელობა „მთავარ არხზე„ ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას
- +

21 ოქტომბერი. 2020. 19:07

 

 

„ინტერვიუს დადგმის მცდელობა „მთავარ არხზე“ ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას“, – ზუგდიდში მიმდინარე სპეციალური ღონისძიების გაშუქების შესახებ, „მედიაჩეკერი“ განცხადებას ავრცელებს.

 

„სამეგრელოში, ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, რესპონდენტის ინტერვიუს დაგეგმვა სცადა და შეეცადა მისთვის ეკარნახა, როგორ დაეწყო ინტერვიუ. საუბარია სპეციალურ გამოშვებაზე, რომელშიც არხი მაყურებელს „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის გამო დაწყებული საპოლიციო ოპერაციის დეტალებს აცნობს. შემთხვევის ადგილზე მისული ჟურნალისტი ემა გოგოხია ცდილობდა პირდაპირ ეთერში ჩაერთო თვითმხილველები და მათგან მიეღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ერთ-ერთ რესპონდენტს მან სთხოვა მოეყოლა რა მდგომარეობა იყო და რა ნახა საკუთარი თვალით. რესპონდენტმა ამბის მოყოლა შემდეგნაირად დაიწყო: „ზუსტად ნახევარი საათის წინ გამოვიარე ეს ტერიტორია, შიგნით შევიდნენ ტერორისტები და „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობა მიმდინარეობს და თქვენ კარგად ხედავთ, რომ ნაწილი გამოყვანილი არის … არა?“ ამ დროს ჟურნალისტმა რესპონდენტს შეაწყვეტინა, სთხოვა, რომ თავიდან მოეყოლა ისტორია და უკარნახა, თუ რა უნდა ეთქვა მას.

 

რესპონდენტმა, ჟურნალისტის თხოვნისამებრ,  ამბის მოყოლა თავიდან დაიწყო, თუმცა, „მთავარმა არხმა“ რამდენიმე წამში ჟურნალისტის ჩართვა შეწყვიტა და სამეგრელოში გადაღებული კადრების ფონზე მიმდინარე მოვლენებზე საუბარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა გააგრძელა.

 

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, რომ მედიამ არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს:

 

„ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის, საარქივო მასალის რედაქტირებისას მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით“.

 

„მედიაჩეკერი“ შეეცადა გაერკვია, ექნება თუ არა არხის თვითრეგულირების ორგანოს რეაგირება მომხდარზე. არხის დირექტორმა თამთა მურადაშვილმა გვითხრა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს და პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

 

გარდა იმისა, რომ ჟურნალისტს ჰქონდა ინტერვიუს დადგმის მცდელობა, საპოლიციო ოპერაცია პირდაპირ ეთერში სენსაციურად და პანიკურად შუქდება. მოვლენების პირდაპირ ეთერში გაშუქებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და მედიას მოუწოდა, რომ საზოგადოების უსაფთხოების დაცვისთვის, საპოლიციო ოპერაციის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია, ასეთ დროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მედიამ პანიკისგან დაცლილი ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორიას:

 

„მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს“.

 

ტერორიზმთან დაკავშირებული თემების გაშუქების სახელმძღვანელოში კი ვკითხულობთ, რომ „ტერორისტული აქტები თუ მასთან დაკავშირებული სხვა ამბები უნდა გაშუქდეს ზუსტად, სრულად, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით და დიდი პასუხისმგებლობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner