ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ აყვანილი ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეულ მედიასაშუალებებს სწორედ გამტაცებლის მოთხოვნით დაუკავშირდა. კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსს პროფესიონალიზმისთვის.
„თავიდან ის იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ საბედნიეროდ მძევლად ვინც იყო, ყველამ ერთად მოახერხა ის, რომ ეს ადამიანი კომუნიკაბელური გახდა უფრო მეტად. სამართალდამცველებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. მძევალს დაარეკინა სადღაც და ჰქონდა ხმამაღალზე ჩართული, სპიკერზე და თვითონ უსმენდა, ეუბნებოდა, რა გაეცა პასუხი. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა თვითონაც ჩაერთო ლაპარაკში, მაგრამ ეს იყო ერთეულები“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით, შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.