ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი „facebook"-გვერდზე სულხან მოლაშვილს იხსენებს.
„საყდრისისკენ რომ წახვალ, შემეხმიანე... ერთ-ორ კაცს კიდევ მოვერევი"
ბოლოს სულხან მოლაშვილი მე და ჩემმა ძმამ იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე, „ჯაზუში" ვნახეთ. ერთმანეთი გულთბილად მოვიკითხეთ. მითხრა, შენ და მამუკა (ნოზაძე) „ობიექტივზე" ერთად გნახეთ, მიხარია, უსამართლობას ერთად რომ ებრძვითო. სულხან მოლაშვილი და მამუკა ნოზაძე 2005 წელს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავიცანი. ჩემი ძმაც მათთან ერთად იხდიდა სასჯელს. ბატონი სულხანის ოჯახის წევრებიც იქ გავიცანი, ამანათების რიგში ერთად ვიდექით.
„ჯაზუში" მოვილაპარაკეთ, რომ სახლში უსათუოდ ვესტუმრებოდით მე, გიორგი და მამუკა.
საყდრისში ჩემი გადაღებული კადრები ტელევიზიით უნახავს. მითხრა, იქით რომ წახვალ, შემეხმიანე; დაუძლურებული კი ვარ, მაგრამ ერთ-ორ კაცს კიდევ მოვერევიო. არ შევეხმიანე, მოვერიდე, ვიფიქრე, რომ იქაური ფეოდალების („არემჯი გოლდის") თავაშვებულობას არ მოითმენდა და შარში გაეხვეოდა.
მისი გარდაცვალების ამბავი დალი ბჟალავას გვერდზე შევიტყვე. ვიტირე. ყველას თანაგიგრძნობთ, ვისაც მისმა გარდაცვალებამ გული დაგწყვიტათ", - წერს ნინო მიქიაშვილი.