logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ბოროტმოქმედს ეტყობოდა, რომ გავლილი აქვს მომზადება, სამხედრო იყო თუ სპეცსამსახურებიდან, არ ვიცი, მაგრამ იარაღთან მოპყრობით, ის გარკვეულ უნარ-ჩვევებს ფლობს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 12:11

 

 

ანალიტიკოსის, ბრიგადის გენერლის, ამირან სალუქვაძის შეფასებით, გუშინ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმა ცუდი პრეცედენტია და შესაძლოა, ის წამახალისებელიც იყოს. როგორც სალუქვაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „თავისი შინაარსით ეს საქმე საკმაოდ ახლოს არის ტერორისტულ აქტთან“.

 

„ფაქტი სახეზეა, ბოროტმოქმედს ეტყობოდა, რომ გავლილი აქვს გარკვეული მომზადება - ის სპეციალობით სამხედრო იყო თუ სპეცსამსახურებიდან, არ ვიცით, მაგრამ აღნაგობით, იარაღთან მოპყრობით და ა.შ. ის გარკვეულ უნარ-ჩვევებს ნამდვილად ფლობს. თუნდაც ყუმბარასთან მოპყრობაც რომ განვიხილოთ, ფაქტია, რომ 8-9 საათის განმავლობაში ის ვერ შეძლებდა ყუმბარის ხელში დაკავებას. დიდი ალბათობით მოხსნა რგოლი, ვიდეოჩართვისას დაანახა სპეცსამსახურებს და შემდეგ ისევ გაუკეთებდა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ის ასევე მომზადებული იყო იმისთვის, რომ სპეცსამსახურების სპეციალურ წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს არ დაყოლილიყო და თავისი მოთხოვნები ბოლომდე გაეტანა. ჩვენ არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, როგორ წარიმართა მოლაპარაკებები და ყველა დეტალი შესაძლოა, ვერც გავიგოთ სპეციფიკიდან გამომდინარე“, - განაცხადა სალუქვაძემ და დასძინა: „რაც შეეხება თანხის გადახდას, ეს ცუდი პრეცედენტია ზოგადად და შესაძლოა აღვიქვათ ისე, რომ იყოს გარკვეული წახალისებაც. მაგრამ ეს არ არის არათუ ერთადერთი, ერთეული შემთხვევაც არ არის მსოფლიო პრაქტიკაში. უამრავი ფაქტი არსებობს, როცა მძევლების გამოსყიდვის მიზნით თანხა ყოფილა გადახდილი ღიად ან ფარულად, თუმცა, როგორც წესი, ამას ფარულად ცდილობენ“.

 

საკითხის მორალურ მხარეზე საუბრისას ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურები ადამიანების სიცოცხლის ფასეულობიდან ამოვიდნენ. მისივე თქმით, გაცილებით მძაფრი იქნებოდა შეფასებები, თუ სპეცოპერაციას ვინმეს სიცოცხლე შეეწირებოდა.

 

„იოლია დღეს საუბარი, როცა მძევლები გათავისუფლებულია და ყველა დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს. ჩვენ შეგვიძლია კიდეც გავკიცხოთ სამართალდამცავი უწყებები და კიდეც გავაკრიტიკოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომელიმე მათგანის სიცოცხლე რომ შეწირვოდა ამ საპოლიციო ღონისძიებებს, მაშინ რა შეფასებები გაკეთდებოდა? რა თქმა უნდა, შეფასება იქნებოდა გაცილებით მძაფრი. როცა ძალოვანი უწყებები და სახელმწიფო მიდის ასეთ ნაბიჯზე, ისინი ამოდიან ადამიანების სიცოცხლის ფასეულობიდან გამომდინარე. შეგვიძლია მური ჩამოვისვათ სახეზე და ვთქვათ, რომ ჩვენ ტერორისტს არ დაველაპარაკებით, თანხას არ გადავუხდით. გაგრძელდებოდა მოლაპარაკებები ერთი-ორი დღე და ღამე და ბოლოს ჩაეტარებინათ გათავისუფლების ოპერაცია და დასრულებულიყო მსხვერპლით. მაშინ რა შეფასებებს გავაკეთებდით? ამიტომ როცა კითხვები ისმის საზოგადოებაში მეორე ვარიანტიც უნდა დავუშვათ, თავად როგორ მოიქცეოდნენ, მათი ახლობლები რომ ყოფილიყვნენ მძევალთა შორის? მე არ ვამართლებ საპოლიციო ოპერაციას, არ ვიცი მისი დეტალები. არის ორი ფაქტი, ერთი ის, რომ ბოროტმოქმედმა თანხა მიიღო და წავიდა, თუმცა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება იმდენი ვერა, რასაც ითხოვდა იმაზე ნაკლები, დაახლოებით 300 ათასი, მაგრამ არის მეორე ფაქტი, 43 მძევლიდან ყველა გათავისუფლებულია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სამხარეო პოლიციის უფროსი მოგვევლინა მძევლის სახით იმისთვის, რომ დარჩენილი მძევლების უსაფრთხოება ეკონტროლებინა ადგილზე და თუ საჭირო იქნებოდა, შეიძლებოდა სიცოცხლის ფასადაც დაჯდომოდა მას უსაფრთხოება“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

 

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული დამნაშავე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულიყო, თუმცა, ეს არც ისე მარტივია.

 

„შესაძლოა, სპეციალურად სადმე გადაატარეს და აქაც რამე იყოს ჩადებული. ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია პირის დასაკავებლად. ჩემი ვარაუდოთ, რაღაც ხელჩასაჭიდი, მწირი, მაგრამ მაინც იქნება ამ პირზე. ადრე თუ გვიან მოხდება მისი იდენტიფიცირება და დაკავება. ის აუცილებლად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე. იმ კუპიურების რეალიზაციაც არ იქნება მარტივი, რაც ბოროტმოქმედს მიუტანეს. თუმცა, თუ საოკუპაციო საზღვარს მიღმაა გადასული, იქ კანონები არ მოქმედებს“, - განაცხადა სალუქვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner