აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 3 ნოემბერს პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ამერიკა ქვეყნის ფარგლებს გარეთ „უაზრო ომებში“ მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ტრამპმა ქალაქ ჰასტონიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ გავანადგურებთ ტერორისტებს, რომლებიც ჩვენს ქალაქებს ემუქრებიან, მაგრამ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას იმ სრულიად უაზრო ომებში, რაც საზღვარგარეთ მიმდინარეობს“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მსოფლიოში საუკეთესო ტექნიკა აქვს - რაკეტები, ტანკები, წყალქვეშა ნავები, გემები, ავიაგამანადგურებლები.
„იმედი მაქვს, რომ ამ ტექნიკის უდიდესი ნაწილის გამოყენება ჩვენ არ მოგვიწევს“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპის ძირითადი მეტოქე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენია.