ნიკუშა შენგელაია, მხატვარი:
ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ყველაზე ხშირად, ალბათ, მაინც მომავალზე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ჩემს ასაკში უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს შვილები, შვილიშვილები და ოჯახი, რას უტოვებ შენს ქვეყანას, რა შეგიქმნია, რა გაგიკეთებია, როგორ უნდა დაამახსოვრო თავი თაობებს და შენს მომავალს. ვფიქრობ ჩემი ქვეყნის ბედზეც.
შეცდომას ვაღიარებ, როცა...
- არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც შეცდომებს ვერ აცნობიერებენ და თავი ყოველთვის მართალი ჰგონიათ. ასე რომ, აღიარება არ მიჭირს.
თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში...
- ალბათ, ეს მაინც სიზარმაცეა, ძალიან ბევრი იდეა, რომლებიც მქონდა, ფაქტობრივად, ჰაერში გაქრა, ვერც ერთი დიდწილად ვერ განხორციელდა და ამას პირველ რიგში საკუთარ თავს ვაბრალებ.
მე და ტრადიციები...
- ტრადიციული ადამიანი ვარ. თუმცა ვცდილობ, სიახლე ისე მივიღო, რომ აქამდე არსებული შეხედულებებიც დარჩეს ჩემში, ანუ პატივს ვცემ ტრადიციებს, რომელიც ჩამინერგეს ჩემმა მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა. ძველის არდავიწყება და ახლის მიღება - სწორედ ეს დაიცავს ბალანსს.
სახლი ჩემთვის არის...
- სახლი ჩემთვის არის ადგილი, სადაც ყველაზე მყუდროდ ვგრძნობ თავს, სადაც მუდმივად სუფევს სიყვარული...
ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს..
- ალბათ, იმავე გზას გავივლიდი, იმავე ადამიანებს გავიცნობდი, იმავე ურთიერთობებს დავამყარებდი, მაგრამ თუკი ამ ჭკუით დავიწყებდი ცხოვრებას, რა ჭკუაზეც ახლა ვარ, მაშინ ბევრ იდეას განვახორციელებდი, მეტ დროს გამოვიყენებდი ნაყოფიერად.
თამთა ასათიანი