logo_geo
eng_logo
ირაკლი კვარაცხელია: პოლიციელი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა თავდამსხმელთან, იყო ზეპროფესიონალი, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ცოცხლები გამოვსულიყავით იქიდან
- +

22 ოქტომბერი. 2020. 15:14

 

 

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრისას ერთ-ერთი აყვანილი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია არ გამორიცხავს, რომ ბოროტმოქმედის ამოცნობას ხმის მეშვეობით შეძლებს. მისი ვარაუდით, ის 35-დან 40 წლამდე კაცია.

 

„საფრთხე იყო მაქსიმალურად რეალური. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ იქიდან ცოცხლები გამოვსულიყავით, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანის. ვხედავდით, რომ ხელში ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა, რომელიც მე ვიცოდი და სხვებსაც ავუხსენი, რომ ეს ყუმბარა თუ აფეთქდებოდა, ცოცხალი ვერცერთი ვერ გადავრჩებოდით და ჩვენი მიზანი იყო, რომ გარედან მისთვის არავის ესროლა, იმიტომ, რომ ეს ავტომატურად ჩვენთვის სროლას და ჩვენს სიკვდილს ნიშნავდა“, - აცხადებს კვარაცხელია.

 

ის ასევე იხსენებს, რომ თავდამსხმელმა კიდევ 3 ადამიანს სთხოვა მედიასთან დაკავშირება, თუმცა, სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო, ბოლოს ჟურნალისტებთან კავშირზე სწორედ კვარაცხელიას მოუწია გასვლა.

 

„ერთს Facebook არ ჰქონდა, მეორეს ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა, მესამეს ანგარიშზე არ ჰქონდა და როცა მითხრა მე, მე მქონდა ანგარიშზე, ტელეფონიც მქონდა. დავუკავშირდი იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობა, რადგან გარეთ სამართალდამცველებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მას ხელყუმბარა ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში. ვიღაცას რომ ესროლა, დავიხოცებოდით უბრალოდ. თვითონ ის პოლიციელი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა, იყო ზეპროფესიონალი, ძალიან ადეკვატური და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ცოცხლები გამოვსულიყავით იქიდან“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

 

ის ავთანდილ გალდავას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მძევლების ჩანაცვლების ინიციატივა სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს ეკუთვნოდა. კვარაცხელია ასევე იხსენებს, რომ თავდამსხმელი ძირითადად ქართულად საუბრობდა, თუმცა, რამდენჯერმე მძევლებს მეგრულადაც დაელაპარაკა.

 

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით, შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner