„არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ტერორისტული აქტები ხდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კარგად უხელმძღვანელა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამ თემიდან პოლიტიკური დივიდენდის მიღების მცდელობა უზნეობაა.
„შავზე რომ თეთრი თქვან და პირიქით, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები, ტერორისტული აქტები ხდება. ის, რომ ასეთ რამეს არ გამოვრიცხავ, იმას არ ნიშნავს, რომ ვამტკიცებ, ეს ასეა. სამწუხაროდ, დანაშაული მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ფაქტია, ამოცანას, რომ მოქალაქე არ დაშავებულიყო, პოლიციამ თავი გაართვა. ვახტანგ გომელაურმა ამ ოპერაციას საკმაოდ კარგად უხელმძღვანელა. ნებისმიერი დანაშაული აღკვეთილი იქნება.
რაც შეეხება დანაშაულის სტატისტიკას, რაზეც ოპოზიცია და მათი მედია აფეთქდა, მძიმე დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის ყაჩაღობა, ორ-ნახევარჯერ არის შემცირებული იმ პერიოდთან შედარებით, როცა ქვეყანას დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები მართავდნენ. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გახსნილი საქმეების რაოდენობა და ერთი ასად არის გაზრდილი გაშუქების ხარისხიც. ადრე ოთხი-ხუთი მედიასაშუალება იყო და ისიც ცენტრალურ ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. ამ თემიდან პოლიტიკური დივიდენდის მიღება უზნეობაა, რადგან ვხედავთ, რომ უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, სისხლი როდის დაიღვრება, რომ დაეწაფოს და როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნები”, – განაცხადა ვოლსკიმ.