პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გუშინ დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, არსებულ კითხვებს საბოლოო პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს და დაადგინოს, რა მოხდა.
ამასთან, როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ქვემო ქართლში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ.
„ძალიან მძიმეა, როცა საქმე ასეთ ფაქტებთან გვაქვს. ფაქტია, რომ ჩვენი მხარდამჭერები დაჭრილი არიან და ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ოფისთან მოხდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა. საუბარია, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში გარკვეული პირები შეიჭრნენ, თუმცა კითხვებს საბოლოო პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ძალიან მძიმეა, როცა ასეთი რამე ხდება. ვინც კი ამ ქმედებაში დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული და გასამართლებული. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დანაშაულს უმკაცრესი რეაგირება ექნება. როგორც ჩანს, „ნაციონალები“ და მათი სატელიტები ქვემო ქართლში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ და ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. სიტუაციის განმუხტვა უნდა მოხდეს და არანაირად არ უნდა გადაიზარდოს კონფლიქტში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, საღამოს საათებში დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაიჭრა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ შტაბის წევრია.
დმანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ და კახა ოქრიაშვილი იყვნენ. თავის მხრივ, ოქრიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამი პირი.