ავტორი სოფო ხუგოიანი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს კინოცენტრში არსებულ ვითარებაზე კინოხელოვნების სფეროს წარმომადგენლები წერილს გაუგზავნის, რომელსაც 135 ხელმომწერი ჰყავს კინოხელოვნების სფეროდან. მათი მოთხოვნა კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნაა.
ამ თემაზე „რეპორტიორს" რუსთაველის თეატრის მსახიობი, პროდიუსერი და „თავისუფალი სტუდიის" დამფუძნებელი ედმონდ მინაშვილი ესაუბრა. როგორც ის ამბობს, ნანა ჯანელიძესთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ, მათი თხოვნაა, ყველაფერი გამჭვირვალედ ჩატარდეს და მსურველებს ჰქონდეთ თავისი კანდიდატურის წამოყენების საშუალება, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი კლასიკოსია.
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმას, რომ კინოცენტრში დირექტორის არჩევა უნდა მოხდეს კონკურსით. კინემატოგრაფია არის ძალიან სპეციფიკური და მგრძნობიარე დარგი, რომელსაც ყურადღება და მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოსგან.
კინემატოგრაფიას ისეთი მოღვაწეები, გამოცდილი ადამიანები და კლასიკოსები ჰყავს, რომ კარგი იქნება, ამ ადამიანებს დავეკითხოთ, ვინ შეიძლება იყოს კინოცენტრის ხელმძღვანელი და არ იყოს დანიშნული პირი. თუმცა აღვნიშნავ, რომ ქალბატონი ნანას მუშაობით არ ვარ უკმაყოფილო, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მას კინოში ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის, მაგრამ ხელმძღვანელის არჩევა კარგი იქნება ფარული კენჭისყრით. კონემატოგრაფიაში ძალიან ბევრი კლასიკოსი გვყავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი კენჭისყრის გარეშე უნდა დავნიშნოთ. კინოცენტრის ხელმძღვანელობა სხვა სპეციფიკა, სხვა მმართველობა, სხვა ურთიერთობაა, საჭიროა ინოვაციები, ის ადამიანი მენეჯმენტის ნიჭით უნდა იყოს დაჯილდოებული და რა თქმა უნდა, კინო კარგად უნდა იცოდეს. ქალბატონ ნანას ეწურება უფლებამოსილების ვადა და საჭიროა არა კონტრაქტის გაგრძელება, არამედ ყველაფერი გამჭვირვალედ, კენჭისყრით უნდა ჩატარდეს. ნანა ჯანელიძემ თავისი კანდიდატურა რომ წამოაყენოს, დარწმუნებული ვარ, დიდი მხარდაჭერა ექნება.
კინოცენტრს ძალიან მწირე ბიუჯეტი აქვს, კინოსთვის ეს მიზერული თანხაა. ვისურვებდი, რომ მთავრობამ პრიორიტეტად გახადოს კინემატოგრაფიის აღორძინება, ჩვენ ამის ძალიან დიდი რესურსი გვაქვს და შეგვიძლია ბევრი ინვესტიციის მოზიდვა. საჭიროა კინოცენტრის ძირფესვიანი რეფორმირებაა. სისტემა უფრო უნდა დაიხვეწოს და ჩამოყალიბდეს, რადგან კინემატოგრაფია იმდენად მნიშვნელოვანი დარგია, რომ მას ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით. სპორტის შემდეგ, ეს ერთადერთი დარგია, რომელსაც შეუძლია დიდი პოპულარობა მოუტანოს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით. ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ კინემატოგრაფიაში რაც შეიძლება მეტი ფული ჩაიდოს და ეს არ იქნება დაკარგული ფული, რადგან ბევრად მეტი დაუბრუნდებათ უკან. მივესალმები მთავრობის დადგენილებას, რომელიც გულისხმობს ფილმზე დახარჯული 25%-ის დაბრუნებას, ეს ფილმის გადაღებას უცხოელებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს გადასაღები მოედანი, უნდა მოვიზიდოთ უცხოელები, რათა აქ გადაიღონ ფილმები. ჩვენ გვაქვს უნიკალური ქვეყანა, როგორც ძველი და ახალი არქიტექტურით, ასევე მთით, ბარით და ზღვით. საქართველო ყველა გაგებით ფილმოგრაფიულია და ვფიქრობ, ხელისუფლებამ ეს უნდა გამოიყენოს როგორც ტურიზმის მიმართულებით, ასევე კინოს აღორძინებით", - ამბობს ედმონდ მინაშვილი.
იხილეთ:
კინოხელოვანები კულტურის მინისტრს განცხადებით მიმართავენ
http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=1154
ელდარ შენგელაია: ნანა ჯანელიძესაც შეუძლია წარადგინოს თავისი კანდიდატურა, მაგრამ...
http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=1285