საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება მომავალი წლიდან ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
დღეს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.
„მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მოქალაქეებს ასევე მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენას, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმებას და დოკუმენტის მიღებას (ჩამოტვირთვას).
კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.
შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მატერიალური ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის შექმნა ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო იქნება შეუძლებელი, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.