logo_geo
eng_logo
ქოხი 2 მილიონად - ახალციხის მოსამართლის გადაწყვეტილება
- +

29 ივნისი. 2016. 18:39


2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ახალციხის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიჩნია, რომ ქოხში, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, 2012 წელს ორმა ბიზნესმენმა საკუთარი ნებით გადაიხადა 1 900 000  (ერთი მილიონ ცხრასი ათასი ლარი).



საეჭვო იმ „იძულებით გარიგებაში", რომელზეც მოსარჩელე მხარე საუბრობდა, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ვერაფერი დაინახა.




ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ძალიან საინტერესო საქმე უნდა განეხილა, ღირდა თუ არა ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში 120 კვადრატულზე დადგმული ქოხი 1 900 000  (ერთი მილიონ ცხრასი ათასი ლარი) და რამდენად კანონიერად გამოიტანა ახალციხის მოსამართლემ გადაწყვეტილება ყველაზე „ძვირადღირებულ ქოხზე", ჭვინთის ისტორიაში. თუმცა, პროცესი ნოემბრისთვის გადაიდო.



სანამ სახელისუფლებო უმრავლესობა და თავად ხელისუფლება თავიანთ შეუსრულებელ დანაპირებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ ფაქტების და მტკიცებულებების სიმცირესა და უქონლობას აბრალებს, ქოხი ჭვინთაში ახალ მყიდველს ელოდება. მეპატრონეები „აიპრესთან" საუბრისას ამბობებ, რომ მზად არიან, მეოთხედ ფასადაც გაყიდონ... ამას ხუმრობით ამბობენ.



სერიოზულად კი „სენტა ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაალ იაკობიძე „აიპრესთან" ჰყვება, რომ ქოხს მართლაც გამოუჩნდა მყიდველი ამ რამდენიმე ხნის წინ და მაქსიმალური თანხა, 500 ლარი შესთავაზა... როცა გაიგო, რომ ამ ქოხში 2 მილიონი იყო გადახდილი, მეპატრონეებს „უკბილო ხუმრობად" ჩაუთვალა და მოლაპარაკებები შეწყვიტა...



სანამ საქმის დეტალებს და 2-მილიონიანი ქოხის ისტორიას გავაცნობთ მკითხველს, ორიოდე სიტყვით მოსამართლის ბიოგრაფიას გადავხედოთ:



ახალციხის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის შრომითი ბიოგრაფია:


2003-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად;

შემდეგ ამავე პროკურატურის პროკურორის თანაშემწედ;

2004-2010 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე;

2012 წლის იანვრიდან იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2013 წლის (თებერვლიდან ივნისამდე) მივლინებული იყო ახალციხის რაიონულ სასამართლოში;

2013 წლის ივნისიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.




2-მილიონიანი ქოხის პრეისტორია...


ქოხი 2 მილიონად (თითქმის 2 მილიონად. ავტ) „სენტა ჯგუფისთვის" უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საქმიდან ერთი „პატარა" დეტალია.



ზაალ იაკობიძე, „სენტა ჯგუფის" დამფუძნებელი: 2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრალდებულმა დავით კეზერაშვილმა დაგვიბარა ე.წ. „პიქსელის" შენობაში და 60 000 000 დოლარად შეფასებული შპს „სენტა პეტროლიუმის" და შპს „ბემონის" აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოგვთხოვა. შეხვედრისას განგვიმარტა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ფასი განხილვას არ ექვემდებარებოდა და გადაწყვეტილება  დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო.



უარის შემთხვევაში, როგორც მან გვითხრა, მოხდებოდა ჩვენი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა. ოჯახის წევრების გაუბედურებითა და სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდა.



ყოველი მომდევნო შეხვედრისას, თავდაპირველად დასახელებულ თანხას კეზერაშვილი ამცირებდა, რაც  საბოლოოდ  22 200 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.


იძულებულნი გავხდით, დაგვეთმო ბიზნესაქტივები, რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით, 3-ჯერ უფრო დაბალ ფასად კეზერაშვილის მიერ მითითებულ კომპანიებისთვის - შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიასა" და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითიზი" - სთვის. საფუძველზე.



აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბიზნესმენებს 22 200 000  დოლარიდან  16 000 000 დოლარი,  არსებული საბანკო კრედიტის მომსახურებისა და ბიუჯეტის წინაშე, აღნიშნული ნასყიდობის გაფორმების შედეგად გამოწვეული გადასახადების დასაფარად გადაახდევინეს



დავით მიმინოშვილი: ჩვენი უბედურება ამით არ დამთავრებულა. 2012 წლის მაისში პროკურატურამ ორივე დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს წაგვიყენა აბსურდული ბრალი და სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეგვიფარდა. გლდანის ციხეში, ისევ არნახული ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გავხდით, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ  4 000 000 ლარი გადაგვეხადა.



2012 წლის 12 ივლისს, კვლავ ზეწოლისა და პროკურატურის მითითებით, ჩვენმა კომპანიამ იძულებითი მონაწილეობა მიიღო საჯარო აუქციონში, სადაც ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე 121 კვ.მ მიწის ფართობზე მდებარე ბიბლიოთეკის შენობა 1 900 000 (!) ლარად შეგვაძენინეს, მაშინ როდესაც შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 8 000 ლარი გახლდათ."



აუქციონი ქართულად - ყველაზე ძვირადღირებული ქოხი საქართველოში...



აუქციონი გაიმართა 2012 წლის 12 ივლისს. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ შპს „ბემონი", რომელიც წარმოდგენილი იყო მისი იურისტის მამუკა ფირანიშვილის სახით.  ცხადია, როგორც საქმის ადვოკატი აცხადებს, აუქციონის მომწყობი და ჩამტარებელი ჩინოვნიკები ინფორმირებულ იყვნენ, თუ რეალურად რა ხდებოდა, აუქციონშიც ცხადია, სხვა მონაწილეც არ ყოფილა.



ქონების საწყისი ფასი 8000 ლარი გახლდათ.  ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სააუქციონო კომისიის მიერ 2012 წლის 12 ივლისს მოწყობილ აუქციონზე შემოთავაზებული საფასურის  1 900 000 (ერთი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარის საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბემონი", რომელსაც საკუთრებაში გადაეცა აღნიშნული ქონება



თუმცა, ამ აუქციონის თავისებურება მხოლოდ ფასი არ გახლდათ. ჯერ გადახდილ იქნა 1 900 000 ლარი სამ ეტაპად, ხოლო აუქციონი შემდეგ გამოცხადდა.



ამ დროს დავით მიმინოშვილის პარტნიორი ზაალ იაკობიძე ციხეში იჯდა.  დავით მიმინოშვილი კი აუქციონის საკითხის მოსაგვარებლად გამოუშვეს.



როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დავით მიმინოშვილის აღმკვეთი ღონისძიებიდან გათავისუფლებიდან მეორე დღეს, 2012 წლის 29 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის სტაჟიორის მიხეილ ჯინჯოლიას 2012 წლის 29 ივნისის #13/27582 წერილის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარიშზე, დავით მიმინოშვილის სახელზე შეტანილი 990 000 ლარიდან 900 000 ლარი ბეს სახით, თანხის დანიშნულება: „აუქციონის წესით გასაყიდი ქონება" გადაირიცხა ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში.



2012 წლის 4 ივლისის საგადახდო დავალებით დავით მინინოშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტს გადაურიცხა 720 000 ლარი, დანიშნულებით აუქციონის წესით გასაყიდი ქონების ღირებულება.



2012 წლის 5 ივლისის საგადახდო დავალებით დავით მინინოშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტს გადაურიცხა 280 000 ლარი, დანიშნულებით აუქციონის წესით გასაყიდი ქონების ღირებულება.



 ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ამის შემდეგ გამოცხადდა აუქციონი რომელიც ჩატარდებოდა 2012 წლის 12 ივლისს, 17:00 საათზე და  რომლის შესაბამისად, აუქციონზე გამოტანილ იქნა სოფელ ჭვინთაში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკის შენობა მიწა - 121 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა 97 კვ.მ. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 8000 ლარი, „ბიჯი" საწყისი გასაყიდი ფასის 10%. ბე - ნაკვეთის ღირებულების 30% ანუ 2400 ლარი.



მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი: მოსარჩელემ აუქციონზე 8000-იანი ქონება 1900000 ლარად თავისი ნება-სურვილით შეიძინა.


მიუხედავად ამ ფაქტობრივი გარემოებებისა, ახალციხის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:


„იმ გარემოებას, რომ შპს „ბემონმა" ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე თავისი ნება-სურვილით  1900000 ლარად შეიძინა 8000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება, სასამართლო ვერ მიიჩნევს ზნეობის ნორმების დარღვევად, რადგან თვითონ ეს ფაქტი არ ეწინააღმდეგება საზოგადოდ აღიარებულ ზნეობრივ პრინციპებს ან საჯარო წესრიგს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს".



ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, ამ ქოხში გადახდილი 1 900 000 ლარი რაბათის მშენებლობას მოხმარდა.



საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. ღირს თუ არა ფოტოზე წარმოდგენილი ქოხი თითქმის 2 მილიონი და რა ზნეობრივ ან ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი, ამაზე თავის საბოლოო სიტყვას ზემდგომი ინსტანცია იტყვის...




ავტორი: თამარ ლეფსვერიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner