„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის, ხელისუფლებისთვის არის ადამიანი, ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც, მთავარია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, შსს-ის თანამშრომელს, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ სპეცოპერაციაში იყო ჩართული, მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ყველა მძევლად აყვანილი ადამიანი ისე, რომ თმა არ ჩამოვარდნია არავის, საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზუგდიდში განვითარებულ პროცესებს.
მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.
„ახლა მთავარი არის ამ საქმის ბოლო ეტაპზე მიყვანა, თავდამსხმელის დაკავება და ამ მიმართულებით შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
გუშინ პოლიტიკოსებს ვთხოვე, რომ თავი შეგვეკავებინა საკითხის პოლიტიკური შეფასებებისგან. ვაცადოთ შესაბამის სამსახურებს მუშაობა. დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე მივა“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა.