logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: საქართველო კულტურის განხრით უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა!
- +

29 ივნისი. 2016. 18:56


რას პასუხობს კულტურის მინისტრი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს? გაამართლა თუ არა პროექტმა „Check in Georgia"? გაიზარდა თუ არა მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების სერიით ტურისტების რაოდენობა? ემუქრება თუ არა ბაგრატს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება ივლისში დაგეგმილ იუნესკოს სესიაზე და რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსკოვთან? ამ და სხვა საინტერესო თემებზე „პრაიმტაიმი" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ესაუბრება.


- პირველ რიგში „Check in Georgia"-ს შესახებ მინდა გკითხოთ... გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინი პროექტმა და ღირდა თუ არა ამ კონცერტებში 29 მილიონის დახარჯვა?

 

- თავისი მასშტაბით, ეს ნამდვილად უპრეცედენტო პროექტია. ამ შემთხვევაში კულტურული ღონისძიებები არის იმ ბიზნესმიზნების მიღწევის საშუალება, რომელსაც ქვეყანა ისახავს, თუმცა თავისთავად კულტურული ცხოვრების განვითარებისთვისაც უდიდესი მნიშვნელობისაა. მიზანი იყო მკაფიოდ განსაზღვრული - ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, პოზიტიური იმიჯის განმტკიცება, ასევე, უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების მოზიდვა. პროექტი არ დასრულებულა, წლის ბოლომდე გრძელდება ღონისძიებები. დასრულდა მხოლოდ ის სერია, რომელშიც მსოფლიოს „A"-კლასის შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მე ვფიქრობ, რომ ამ კონცერტებმა ნამდვილად გაამართლა, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის შუალედური მონაცემები, რომელიც უკვე გვაქვს. საუბარია 52 სხვადასხვა ქვეყნიდან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაზე და შეძენილ ბილეთებზე. ბათუმში იმდენი ადამიანი ჩამოვიდა, რომ პრაქტიკულად შუადღიდან საკვების მარაგიც კი ამოიწურა. არც დიდ და არც პატარა სასტუმროებში ადგილები არ იყო, ბათუმის შემოგარენშიც კი, საოჯახო სასტუმროებში ადგილის პოვნა გაგიჭირდებოდათ. პროექტმა ერთმნიშვნელოვნად გაამართლა და წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება გვაქვს. მნიშვნელოვანი პროგრამაა „ჰიტბათუმი", რომელიც პირველად შარშან ჩატარდა აჭარაში. ამ პროგრამის ფარგლებში, ასევე, ბევრი კონცერტია დაგეგმილი და ველოდებით მაღალი რანგის სტუმრებს. აქვე მინდა აღვნიშნო ქართველი შემსრულებლებისთვის და პროდიუსერებისთვის უპრეცედენტო შეთავაზება საკონცერტო სივრცის სახით, რომელიც ბათუმში, კორტებზე მოეწყო და დაინტერესებულ პირებს მთელ ინფრასტრუქტურას ვთავაზობთ სრულიად უსასყიდლოდ. ეს არის  კეთილმოწყობილი სივრცე, სცენა, განათება, გახმოვანება იმ ხარისხის, რა ხარისხზეც საერთაშორისო ვარსკვლავები გამოდიან და ა.შ. დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს და ბილეთებიდან შემოსული თანხაც თავად დაიტოვოს. მე ვფიქრობ, ეს წარმოუდგენლად კარგი შეთავაზებაა, რადგან ნებისმიერი შემსრულებელი გეტყვით, რა თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მოთხოვნა უკვე ძალიან მაღალია. ასე რომ, ძალიან ცხელ სეზონს ველოდებით ბათუმში. გარდა ამისა, ბევრი საინტერესო ღონისძიებაა ქალაქის ქუჩებში დაგეგმილი.


- თქვენ ახსენეთ შუალედური მონაცემები... გაქვთ კონკრეტული ციფრები, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობას ასახავს?

 

- ამ კონკრეტულ ციფრებს თავად ტურიზმის დეპარტამენტისგან ველოდებით, რამდენიმე დღეში ისინი მზად იქნებიან, შუალედური მონაცემები გაასაჯაროონ. თუმცა, ცხადად ჩანს, ადამიანების რამხელა მასა გადაადგილდება ქვეყნის ტერიტორიაზე.


ბოლო მაგალითს გეტყვით, როდესაც ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტის დროს პრაქტიკულად ტევა არ იყო ქალაში. კონცერტის შემდეგ გაგიჭირდებოდათ რომელიმე კაფეში ყავის დალევა, იმდენად დიდი იყო ტურისტების ნაკადი. ბათუმზე ხომ აღარც ვსაუბრობ.


- ეს კარგია თუ ცუდი?

 

- ეს ცალსახად კარგია და მეტყველებს ტურიზმის მზარდ ტენდენციაზე.


- თუმცა ის, რომ ამ დონის კონცერტებზე ტურისტებს ელემენტარულად ყავის დალევის საშუალება არ ჰქონდათ, ნიშნავს თუ არა, რომ თუნდაც აჭარა მოუმზადებელი შეხვდა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას?

 

- მე ამას ერთმნიშვნელოვნად განვიხილავ, როგორც პოზიტიურ გამოცდილებას. ასეთი რამ პირველად მოხდა. გულუბრყვილობა იქნებოდა მოლოდინი იმისა, რომ ქეყანაში ყველა სერვისი იდეალურად იმუშავებდა და იგივე კვების ობიექტებთან. დაკავშირებით შეფერხება არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები იყო, რომელსაც სამომავლოდ გავითვალისწინებთ. ეს არის გამოცდილება, რომელიც შევიძინეთ ჩვენც, ადგილობრივმა ხელისუფლებამაც და კერძო სექტორმაც. არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე ვარ ნამყოფი და გარკვეული შეფერხებები ჩვენზე მეტად განვითარებულ და დიდი გამოცდილების ქვეყნებშიც ნამდვილად არსებობს და იდეალური არსად არაფერია.


- გარდა სახელმწიფო ბიუჯეტისა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორის თანამონაწილეობა, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის როლზე რას იტყვით... მან თქვა, რომ პროექტს თავად აფინანსებს...

 

- რატომღაც ყველა ახსენებს 29 მილიონს, სინამდვილეში ბიუჯეტიდან 28 მილიონი გამოიყო. ცდომილების თვალსაზრისით, 1 მილიონი არა მგონია, პატარა თანხა იყოს. კერძო სექტორთან მუშაობის შედეგად ჩვენ მოვახერხეთ დამატებით 6,5 მილიონი ლარის მობილიზება და როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართუ ფონდი", ასევე, უცხადებს მხარდაჭერას ამ პროექტს და აპირებს 20 მილიონი ლარის გაღებას. ამჟამად სწორედ მიმოწერისა და ფორმალური პროცედურების გავლის ეტაპზე ვართ. პრაქტიკულად ბიუჯეტზე დაწოლა ამით შემცირდება.


- აზრთა სხვადასხვაობაა, უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო ესტრადას, თუნდაც ჯაზ-ფესტივალებს... რატომ უნდა იხარჯებოდეს ჩვენი, გადასახადის გადამხდელთა ფული კონკრეტულ შემსრულებლებზე? არ ფიქრობთ, რომ ეს უფრო კერძო სექტორის პრეროგატივაა?

 

- რაც ეხება ესტრადას, ჩემ მიერ ზემოხსენებული შეთავაზებით (საკონცერტო ინფრასტრუქტურა ბათუმში), ვცდილობთ, ხელი გავუმართოთ მთელ მუსიკალურ სეგმენტს, სადაც სწორედ კერძო სექტორია ყველაზე აქტიური. ამით მოტივაციას ვუმაღლებთ ორგანიზატორებს, მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი დადონ, რათა მაღალი შემოსავალი მიიღონ.


ამას ვაკეთებთ არა რომელიმე კონცერტის დაფინანსებით, არამედ საჭირო ინფრასტრუქტურის, აპარატურისა და სხვა საჭიროებების შეთავაზებით, რაც შეეხება ჯაზ- ან სხვა ფესტივალს, გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად არის საერთაშორისო პრაქტიკა. უცხოეთშიც დიდი საფესტივალო ღონისძიებები სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე არ ტარდება. განსხვავება არის ის, რომ უცხოეთში ბევრად უფრო აქტიური არიან ადგილობრივი თვითმმართველობები, ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტი. ეს, ალბათ, უფრო იმით არის განპირობებული, რომ იქ თვითმმართველობას ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვს.


- რა წილობრივი ან ფინანსური ინტერესი გაქვთ ამჟამად ამ კომპანიებში, რომლებიც წარსულში თქვენი, თქვენი მოადგილისა და საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელის სახელთან იყო დაკავშირებული? საუბარი მაქვს „ისტერნპრომოუშენზე", „ვიზარდზე", „ინტერნეიშენალივენთსა" და თქვენს მიერ დაფუძნებულ სხვა კომპანიებზე?

 

- ჩემი მინისტრად დანიშვნისთანავე, ყველა პროცედურა, რომელსაც კანონი ითვალისწინებდა, ზედმიწევნით დავიცავი. შესაბამისად, არანაირი, არც ფინანსური და არც წილობრივი, ინტერესი ზემოაღნიშნულ კომპანიებთან არ გამაჩნია. არაერთხელ მომიწია სხვადასხვა ეთერში ამ შანტაჟურ სპეკულაციაზე პასუხის გაცემა. არც სკეპტიკოსების მოლოდინი, რომ კულტურის სამინისტრო ჯაზის სამინისტროდ გადაიქცეოდა, არ გამართლდა. რადგან ამ მუსიკალურ ჟანრთან მიმართებაში არაფერს ვაკეთებთ იმაზე მეტს, რასაც ეს უწყება ჩემს გამინისტრებამდე აკეთებდა.


- როდესაც ამ თანამდებობას დასთანხმდით, ცხადია, კითხვებიც გაჩნდებოდა, რადგან იგივე „ისტერნპრომოუშენი" წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროდან სოლიდურად ფინანსდება...

 

- რა თქმა უნდა, გარკვეული მოლოდინი მქონდა და ბრალდებებსაც ველოდი. თავიდანვე არ გამოვრიცხავდი, რომ ვიღაც ამ თემით სპეკულირებას დაიწყებდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, საკითხს დიდად არც ჩავღრმავებივარ, რადგან ნებისმიერ შეკითხვაზე მაქვს აბსოლუტურად არგუმენტირებული პასუხი, ენას ძვალი არ აქვს.


- თქვენი უწყება ბოლო პერიოდში არაერთხელ გამხდარა შოუბიზნესში მოღვაწე კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. ნეპოტიზმი, ინტერესთა კონფლიქტი, ტენდერების გარეშე გაცემული თანხები და სავარაუდო კორუფცია - ასეთია ბრალდებები, რომელსაც თქვენ გიყენებენ. იზიარებთ ამ ბრალდებების რომელიმე ასპექტს მაინც?

 

- არც ერთ ასპექტს არ ვიზიარებ, ამას არაერთი განცხადება და ბრიფინგი მივუძღვენი. თქვენ მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციების მხრიდან წამოჭრილი საკითხები ხელოვნურად არის დაკავშირებული ჩემთან და სამინისტროსთან და მოყვანილი ცალკეული ფაქტები არის დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ბრალდებები შეურაცხმყოფელია და ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება. სამინისტროში პროექტების შერჩევა და დაფინანსება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, რომელიც 2014 წელს USAID-თან ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ შემუშავდა. სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუდმივად და შეუფერხებლად გასცემს საჯარო ინფორმაციას.


- რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, შეგიძლიათ, გვითხრათ, რა პროექტები ხორციელდება ამ მიმართულებით?

 

- ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ნამდვილად გარღვევა მოხდა. აბსოლუტურად უპრეცედენტო და რეკორდული ბიუჯეტი ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რომელიც ჩენს უწყებაში შემავალია სიპ-ია. 2,5-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. ობიექტების რეკორდული რაოდენობა კეთდება, მათ შორის, პირველ რიგში, გამოვყოფდი სამ ყველაზე დიდ პროექტს, ეს არის ვარძია, ჩაჟაში და მუცო. ძალიან ვამაყობ, რომ წელს ვიწყებთ აწყურსა და კუმურდოს, რაც ასევე ათწლეულობის განმავლობაში დახურული თემა იყო. ვფიქრობ, ამ ტაძრების რეკონსტრუქციითა და პირვანდელი სახის დაბრუნებით ნამდვილად ისტორიული საქმე გაკეთდება. ასევე, აღსანიშნავია საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული მიღწევები, პირველ რიგში, იუნესკოსთან.


- მალე სტამბოლში იუნესკოს მორიგი სესია გაიმართება... ქართული ძეგლების საკითხი თუ განიხილება ამ სესიაზე?

 

- შარშან დავესწარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომას, სადაც საქართველომ ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო მცხეთასთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, ჩვენ სამი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს და, სამწუხაროდ, აქედან ორი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იმყოფება. ესენია მცხეთა და გელათ-ბაგრატის კომპლექსი. გელათთან დაკავშირებით, ასევე, გამოითქვა პოზიტიური შეფასება, თუმცა ბაგრატთან მიმართებაში უფრო რთულადაა საქმე, გამომდინარე იმ მემკვიდრეობიდან, რომელიც ჩვენ გვერგო. თუმცა მივიღეთ დაპირება, რომ, თუ ბაგრატი ვერ შენარჩუნდება იუნესკოს ნომინაციაში იმ სახით, როგორითაც დღეს არის წარმოდგენილი, ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ახალ ნომინაციაზე, რომლის ფარგლებშიც ბაგრატის აღდგენა მოხერხდება იუნესკოს სიაში.


- ანუ მაინც უნდა ველოდოთ სიიდან ამოღებას?

 

- ამ ეტაპზე ჩვენ იუნესკოსთან ერთად ვახდენთ ბაგრატისა და გელათის საზღვრების მოდიფიკაციას იმისთვის, რომ სამომავლოდ არა ერთობლივად, არამედ ცალ-ცალე განვიხილოთ ეს ობიექტები. ვმუშაობთ, რომ გელათი არა მხოლოდ დარჩეს იუნესკოს სიაში, არამედ საფრთხის ქვეშ მყოფი ობიექტების ნუსხიდან ძირითად სიაში გადაინაცვლოს, ბაგრატზე კი დავიწყებთ ერთობლივ მუშაობას, რათა ახალი ნომინაციით შევიდეს ის იუნესკოს სიაში. აქ საუბარია არა ცალკე აღებულ ტაძარზე, არამედ ისტორიულ ზონაზე, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ბაგრატიც, სწორედ ამის წარდგენა მოხდება. წინასწარი კომუნიკაციით რაც შემიძლია გითხრათ, ბაგრატი წელსაც არ იქნება ამოღებული იუნესკოს სიიდან, ის დარჩება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გელათთან ერთად. სიმართლე გითხრათ, არ ვცდილობ გაყოფის პროცესის დაჩქარებას, რადგან პრაქტიკულად ეს ნიშნავს ბაგრატის იუნესკოს სიიდან ამოღებას, ამიტომ საჭიროა, ჯერ კარგად მომზადდეს შემდგომი ნაბიჯი, რომელიც ამ ძეგლს ხელახლა დააბრუნებს იუნესკოს სიაში. დავაყენებთ ინიციატივას მცხეთის ძირითად სიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.


- კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე დგას მცხეთა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი?

 

- თავის დროზე მცხეთა შეტანილი იყო საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში, იმის გამო, რომ იქ უკანონო და შეუსაბამო მშენებლობები განხორციელდა. ეს გახლდათ მთავარი პრობლემა, არაერთი მომართვის მიუხედავად, საქართველომ რეაგირება არ მოახდინა, ეს ხდება 2009 წელს. გაფრთხილების მიზნით ძირითადი სიიდან მცხეთა გადაიტანეს საფრთხის ქვეშ მყოფთა სიაში.


ამჟამად, მუშავდება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ანუ ის, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. შარშან შემოვიღეთ მორატორიუმი ყველანაირ მშენებლობაზე და მიწის გასხვისებაზე, რათა გენერალური გეგმის დამტკიცებამდე გამოვრიცხოთ ყველანაირი შანსი, რამაც შესაძლოა, კიდევ დააზიანოს ჩვენი პოზიციები.


- კულტურის მიმართულებით რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება?

 

- ჩემთვის საამაყოა, რომ მოვახერხეთ და დავძარით ათწლეულების განმავლობაში დაკონსერვებული საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩვენს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ძალიან რთულ მდგომარეობას. საზოგადოებამ კარგად იცის, რა პრობლემების წინაშე იდგა სამხატვრო აკადემია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ითხოვდა შველას და არც ერთი ხელისუფლების დროს, გარდა წუხილისა, კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, დღეს კი უკვე მიმდინარეობს ფიზიკური სამუშაოები და სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება. თეატრალური უნივერსიტეტი, სადაც 50 წელი თითი თითზე არ დადებულა, დღეს რემონტდება. ჩვენ წელსვე დავიწყებთ თოჯინების თეატრის მშენებლობას. ეს იქნება სრულიად ახალი შენობა და ერთ-ერთი მარგალიტი ჩვენი ქალაქისა. ვიწყებთ სამუშაოებს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობაში, მუსკომედიის შენობის პროექტირებას, ნიჭიერთა ათწლედის სარემონტო სამუშაოებს, ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებლის, სომხური და აზერბაიჯანული თეატრების, ანუ, შეიძლება ითქვას, დაწყებულია უპრეცედენტო და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები.


- „შემოქმედებითი ევროპა" - არის ასეთი პროექტი... რა შედეგებს ელოდებით ამ პროექტებისგან?

 

- შარშან, თებერვლის ბოლოს, პატივი მქონდა, ჩვენი ქვეყნის სახელით ხელი მომეწერა საქართველოს გაწევრიანებაზე ამ პროგრამაში. ეს გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამა, რომელიც კულტურისა და მედიის მხარდასაჭერად შეიქმნა. თითქმის 1,5 მილიარდის მოცულობის პროგრამაა, რომელიც სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს. ხელმოწერის მომენტში საქართველო იყო ერთადერთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელიც ამ პროგრამას შეუერთდა და როგორც ევროკომისარმა კულტურის სფეროში განაცხადა, საქართველო კულტურის განხრით უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა. წელს განათლების სამინისტრომაც მოაწერა ხელი განათლების განხრით არსებულ ამგვარ პროგრამას. ასე რომ, ნაწილ-ნაწილ დავიწყეთ შესვლა ევროკავშირში. მარჯანიშვილის თეატრმა, დოკუმენტური ფილმების ფესტივალმა „სინედოკმა" და ეროვნულმა კინოცენტრმა უკვე მიიღეს თანადაფინანსება ამ პროგრამის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ჩვენი კულტურა ხდება თანასწორი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნების. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგახსენოთ, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კულტურის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს ამ სფეროს გრძელვადიანი განვითარების გეგმას. 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა ამ მიზნით დედაქალაქსა და რეგიონებში, შედგა შეხვედრები სამოქალაქო სექტორთან, ყველა სახელმწიფო უწყებასთან და მთელი საზოგადოება არის სამუშაო ვერსიის თანაავტორი.


- დაბოლოს, მინდა გკითხოთ „გოსფილმფონდთან" მიმდინარე მოლაპარაკებებზე... რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკება?

 

- წლების განმავლობაში ყოველთვის იყო ამ თემის დაძვრის მცდელობა. თუმცა, საქმე წინ არ წასულა. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს „გოსფილმფონდთან", რითაც ორივე მხარე გამოთქვამს მზაობას ამ პროცესის დასაწყებად. საუბარია ჩვენი კინომემკვიდრეობის ოქროს ფონდის მოსკოვიდან თბილისში ჩამოტანაზე. უკვე ყველა დეტალი შეთანხმებულია, მზად გვაქვს ხელშეკრულებაც ეროვნულ კინოცენტრსა და „გოსფილმფონდს" შორის, რომელსაც მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარვადგენთ, რათა მთავრობამ თავისი დასტური მოგვცეს. ზაფხულის ბოლომდე, ალბათ, ამ ხელშეკრულებასაც მოეწერება ხელი, რის შემდეგაც დაიწყება ფილმების წამოღება მოსკოვიდან. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი გამარჯვება.

 

მირიან ბოქოლიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner