29 თებერვალს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, სახელმძღვანელოს - „მე და საზოგადოება"-ს განხილვამ ხმაურით ჩაიარა. საგნის შემოღების მოწინააღმდეგეთა უმეტესობამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ალიას" საგანზე „მე და საზოგადოება" ესაუბრა. ლორთქიფანიძის თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:
„ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც თავის დროზე, აბსოლუტურად უცერემონიოდ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. ეს ყველაფერი 2004 წელს დაიწყო, მაგრამ ახლა ძალიან აქტიური ხასიათი მიიღო. აქტიური გენდერიზაციის გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელთა ანგარიშებზეც ათასობით ლარი შემოდის უცხო ქვეყნებიდან. ის, რაც ამ საკითხის ირგვლივ ხდება ქვეყანაში, არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა.
სამწუხაროდ, უმრავლესობის წარმომადგენლების პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია და ისინი ამ ყველაფერში საფრთხეს ვერ ხედავენ. კომიტეტის სხდომაზე ალექსანდრე ქანთარია საუბრობდა, რომ ძალიან ეძებდა, მაგრამ ამ ყველაფერში საფრთხე ვერ დაინახა. მე მგონია, რომ მთელი უმრავლესობაა პარლამენტში ამ საკითხის ლობისტი, ყველა, ვინც ჩვენს მტკიცებულებებს გვერდს უვლის", - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
კითხვაზე - რას აპირებენ, თუ ეს საგანი შევა სკოლაში? - დიმიტრი ლორთქიფანიძე პასუხობს:
„არ შევეგუებით! განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მოტივირებულები არიან, იმუშაონ ისეთ საგანზე, რომელიც გაჯერებულია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით. ჩვენ არ ვართ 5-10 კაცი, ასეულობით ადამიანი აპროტესტებს ამ საკითხს და ძალიან მალე შევძლებთ, საზოგადოებას გავაგებინოთ, რა საფრთხის წინაშე დგას მომავალი თაობა!", - ამბობს ლორთქიფანიძე.