ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცათამბრჯენების ასაშენებლად საჭირო უმთავრესი მასალის ე.წ. ზემდგრადი მინაბლოკისა და წყალგამძლე ცემენტის გამომგონებელი ქართველი იყო, რომელსაც ოკეანის გაღმა ჯორჯ კობის სახელით იცნობდნენ.
გასული საუკუნის 20-იან წლებში ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ (გიგა) კობახიძე ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა ათეულში ზედიზედ რამდენჯერმეც კი მოხვდა, რაც იმხანად დიდი სენსაცია იყო.
1882 წელს ათი წლის იყო, როცა სახლიდან გაიპარა, ბორჯომის მინის ქარხანაში მუშაობით თავს ირჩენდა და გამოგონებებზე მუშაობდა.
1907 წელს პოლონეთის გავლით გერმანიაში წავიდა, სადაც შუშის პროდუქციის დამამზადებელ პატარა საწარმოში დაიწყო მუშაობა.
1919 წელს როდესაც მან მუშაობით თანხა დააგროვა, ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ეტლებოროში შუშის ქარხნის გამართვა დაიწყო.
„The Coby Glass products company"-ის ბრუნვა 15 მილიონ დოლარს შეადგენდა.
დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, კობი ფარ-ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა.
1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი.
ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე მოკავშირეებს. მან მალევე გაისტუმრა მთვარობის ვალი და კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. მოგებას ძირითადად ხარისხის ხარჯზე იღებდა. თავის ქარხანაში გააუმჯობესა წარმოების ტექნიკური მხარე, მუშების ცხოვრების დონე, დააწესა წამახალისებელი ჯილდოები, დახმარებები მრავალშვილიანი თანამშრომლებისათვის და სხვ.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობიმ სიახლე დანერგა თავის წარმოებაში - დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. „Babel Lamps", რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც „ორნამენტი" უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა „კობი". საშობაო ხის ორნამენტები, „კობი - ეს შობაა".
გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც.
როდესაც გრიგოლ კობახიძე მილიონერი გახდა, იგი საქართველოში ჩამოვიდა ინვესტიციისთვის, მაგრამ ბოლშევიკებმა ამის უფლება არ მისცეს. მან მაინც მოახერხა, თავის მშობლიურ სოფელში სკოლა, სამედიცინო პუნქტი და ეკლესია აეშენებინა.
გრიგოლ კობახიძე ავტორია შემდეგი გამოგონებების: ავტომატური საწერი კალამი, სამედიცინო მინის ამპულა, მინის ნაძვის ხის სათამაშოები და ფერადი მინის ელექტროსანათები.
დღესდღეობით, „კობი გლეს პროდაქთსი" კვლავ არსებობს და ძირითადად, ნაძვის ხის სათამაშოებს აწარმოებს. მისი შემქმნელის - მეცენატ ჯორჯ კობის სახელიც ბევრს გაუგონია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის წარმოშობით ქართველი იყო.