საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი აცხადებს, რომ პანდემიის გადასალახად მნიშვნელოვანია გამკაცრებული შეზღუდვების დაცვა. საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ავსტრიის ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნები კორონავირუსის მეორე ტალღას გადიან და არავინ იცის, რა იქნება ქმედითი, რა გამოიღებს შედეგს.
„რთულ პერიოდში ვცხოვრობთ და ყველა კორონავირუსის მეორე ტალღას გავდივართ. მთავრობები იღებენ შესაბამის ზომებს. არავინ იცის, რა იქნება ქმედითი და რა გამოიღებს შედეგს. მიუხედავად მიღებული შეზღუდვებისა, ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, როგორც საქართველოში, ასევე ავსტრიაში.
მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას რეკომენდაციები. ვიმედოვნებთ, რომ ყველანი ერთად გადავლახავთ ამ კრიზისულ პერიოდს.
რაც ავსტრიაში ხდება, ძალიან ჰგავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პანდემიის დასაწყისში, დისციპლინას შედარებით უფრო იცავდნენ, თუმცა მოგვიანებით, ხალხი გადაიღალა. ამ გამოწვევის გადასალახად მნიშვნელოვანია ხელახალი გამკაცრებული შეზღუდვების დაცვა.
ავსტრიაში ადამიანები ამ წესებს მეტნაკლებად იცავენ, რადგან მათ იციან, რომ ერთადერთი გზაა ამ ვირუსთან ეფექტურად საბრძოლველად“, – განაცხადა თომას მიულმანმა.