სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. დღევანდელი მონაცემებით, აქტიური 14 628 შემთხვევიდან უმეტესობა მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში აქტიური 14 628 შემთხვევიდან 9 162 პაციენტი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულებისთვის მთავრობის მთავარი რეკომენდაციები შემდეგია:
- დარჩით სახლში. არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
- არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით;
- დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრისგან უშუალო კონტაქტის გარეშე. იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, რეკომენდაციაა, ოჯახის ყველა წევრმა გამოიყენოს ნიღაბი, არ გამოიყენონ საერთო სარგებლობის ნივთები, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი და ა.შ;
- მიიღეთ ბევრი სითხე;
- გაანიავეთ ოთახი ხშირად, ფანჯრის გაღებით. საგულდაგულოდ გაწმინდეთ და გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები, ასევე სველი წერტილები. მაგ: მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი;
- არ მიიღოთ ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარტი, ექიმის დანიშნულების გარეშე;
- ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლას;
- ყურადღებით დააკვირდით საკუთარ სიმპტომებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესების, ასევე სუნთქვის გაძნელების, ქოშინის, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზის და სხვა შემთხვევაში, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან 112-ს. სასურველია ოპერატორი გააფრთხილოთ, რომ კოვიდ-19 გაქვთ დადასტურებული.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.