logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი: ენთუზიაზმი და ჩვეული განწყობა მიბრუნდება
- +

29 ივნისი. 2016. 20:21


პოლიტოლოგი გია მაისაშვილი წელიწადზე მეტია თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის. მეგობრების რჩევით გია მაისაშვილმა 40 დღე იშიმშილა, კიბოს უჯრედების დასამარცხებლად.


40 დღიან შიმშილობას ორგანიზმმა გაუძლო. გია მაისაშვილი ამბობს, რომ თავს უკეთ გრძნობს.



„ახლა უკეთესად ვარ. ენთუზიაზმი და ჩვეული განწყობა მიბრუნდება. ხანდახან უფრო მეტი ოპტიმიზმია, ხან კი პესიმიზმი შემომეპარება ხოლმე და ასე ზემოთ-ქვემოთ ხარ კაცი ამ დროს.

 

ჩემს მეგობრებს - მერაბ ონიანს, ლაშა შენგელიას, პაატა შუბითიძეს  მედიცინასთან და სულიერებასთან დიდი გადაკვეთა აქვთ, სწორედ მათი დაჟინებული თხოვნით მივიღე გადაწყვეტილება, რომ ასე მოვქცეულიყავი. 40 დღე მხოლოდ წყალზე ვიყავი. ბოლო 4 დღე კი წყალსაც აღარ ვიღებდი. ეს იყო რწმენა იმისა, რომ ასე უფრო ადვილად მივიდოდი იმ საიდუმლოებებთან, მივიღებდი ნიშანს, რომელიც უფალმა გამომიგზავნა.

 

მინდოდა, სულიერი საწყისი ჩემში დიდი დოზით შემოსულიყო. ამ სულიერი საწყისის გახსნა გონებასაც ხსნის ინტენსიურად და ეს პერიოდი ყველაზე პროდუქტიულად მიმაჩნია ჩემი ცხოვრების განმავლობაში.

 

სამი წიგნი დავწერე. პირველი განათლების სფეროს შესახებ. თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკასა და საქმიანობაში, როგორი განათლების სისტემა უნდა ავაშენოთ, რა მოთხოვნები იქნება ჩვენი განათლების სისტემის წინაშე და როგორი უნდა იყოს საშუალო სკოლის მმართველობა, რა არის დირექტორის ფუნქცია.

 

მეორე წიგნში სამ დონეზე ვიხილავ, თუ რა მოთხოვნების გადალახვა მოუწევთ 21-ე საუკუნეში ინდივიდებს, ორგანიზაციებს და ერს იმისთვის, რომ იყვნენ მაღალპროდუქტიულნი და წარჩინებულნი.

 

მესამე წიგნი ინგლისურ ენაზე დავწერე და ეძღვნება იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა აშშ-ში. როგორ აყალიბებს ის მმართველ გუნდს და რა ხდება მანამდე, სანამ პრეზიდენტობაზე ფიცს დადებდეს.

 

მოდიოდა და მოდიოდა აზრები, ვეღარ ვჩერდებოდი", - ამბობს გია მაისაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner