შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია თურქეთში მყოფ ყველა ამერიკელს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
აშშ-ის დიპლომატიურმა მისიებმა თურქეთში ვიზების გაცემა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც გაზრდილი ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, იუწყება აშშ-ის საელჩო ანკარაში.
„აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ თურქეთში მიიღო სარწმუნო ცნობა პოტენციური ტერორისტული შეტევების შესახებ და ასევე ამერიკელი და უცხოეთის სხვა მოქალაქეების სტამბულში გატაცების თაობაზე. მუქარა ასევე მიმართულია აშშ-ის გენერალური საკონსულოს მიმართ... ყველა სავიზო მომსახურება თურქეთში არსებულ წარმომადგენლობებში (ანკარაში საელჩოში, სტამბულში, ადანსა და იზმირში საკონსულოების ჩათვლით) დროებით შეჩერებულია“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, თურქეთში მყოფ ამერიკელებს აშშ-ის დიპლომატიური მისია გაძლიერებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს მასობრივი თავშეყრის ადგილებში — დიდ საოფისე შენობებსა და სავაჭრო ცენტრებში.