logo_geo
eng_logo
„ემპათია“ წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
- +

29 ივნისი. 2016. 21:13


წამების, ძალადობისა  და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია",  პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.


2016 წლის 30 ივნისს  სასტუმრო „თბილისი მარიოტში" (რუსთაველის გამზირი N13) ჩატარდება კავკასიისა და ცენტრალური აზიის დასკვნითი ტრანს-რეგიონული კონფერენცია  თემაზე „სტამბოლის პროტოკოლი და ბრძოლა დაუსჯელობასთან". მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება  10.30-ზე. კონფერენცია ჩატარდება 11.00 - დან 14.00 -მდე. კონფერენცია დასრულდება წვეულებით, რომელიც გაიმართება ცენტრ „ემპათიას"   20 წლისთავთან დაკავშირებით.


აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის 6 ქვეყნის - საქართველოს (ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ჩათვლით), ჩეჩნეთის (რუსეთის ფედერაცია), აზერბაიჯანისა და სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დაახლოებით 40 წარმომადგენელი. 


ღონისძიება ჩატარდება ცენტრ „ემპათიას" რეგიონული პროექტის  „ კავკასიის წამების საწინააღმდეგო ქსელი: წამების მსხვერპლთა მულტი-სარეაბილიტაციო მომსახურება და დაუსჯელობასთან ბრძოლა" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით.


ღონისძიებების თანაორგანიზატორები არიან: წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT, დანია, კოპენჰაგენი), ექიმები ადამიანთა უფლებებისათვის (PHR, აშშ), ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI), Niiso (გროზნო, რუსეთის ფედერაცია),  FAVL (სომხეთი), AzMA (აზერბაიჯანის მედიკოსთა ასოციაცია).


სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 6 ქვეყნიდან იმსჯელებენ რეგიონში წამების ფაქტების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.


ცენტრი „ემპათია" წარმოადგენს დასკვნით დეკლარაციას, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის წამების გამოძიების და დოკუმენტაციის ეროვნული სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით რეაბილიტაციის უფლების განხორციელების მიზნით.


ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან: სამთავრობო და არასამთავრობო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე - საელჩოები, მედიასაშუალებები.

 

წამების საწინააღმდეგო ღონისძიებათა კალენდარი:


26-29 ივნისი, 2016  - საზოგადოებრივი ინტერვენციის პროგრამა ომის შედეგად დაზარებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გორის რეგიონში - განახორციელებს ცენტრი „ემპათია" ორგანიზაციასთან „თქვენი კლინიკა" პარტნიორობით. 26 ივნისს ჩატარდება სოფელ შავშვებში;


1 ივლისი, 2016 - პარასკევი 10.30 - დან - 15.00. სთ - მდე - სემინარი თემაზე : „მომავალი გეგმები წამების საწინააღმდეგო ქსელის პარტნიორი ორგანიზაციებისათვის" ჩატარდება ცენტრ „ემპათიას" ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, კანდელაკის ქ. № 23;


23-24 ივლისი, 2016. შაბათი, კვირა, 9.30 - 18.00,  ტრენინგი-სემინარი თემაზე:  „სტამბოლის პროტოკოლი - დაუსჯელობასთან ბრძოლის ინსტრუმენტი"  კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისა და ექსპერტებისთვის ჩატარდება ანაკლიაში - საქართველოს კონფლიქტის მოსაზღვრე რეგიონში, სასტუმროში „ Palm Beach".;


30-31 ივლისი, 2016. შაბათი-კვირა, საწყისი ტრენინგი თემაზე: „ინფორმირებულობა სტამბოლის პროტოკოლთან დაკავშირებით"  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებისა და NPM წევრებისათვის ჩატარდება ქალაქ ბაქოში აზერბაიჯანის მედიკოსთა ასოციაციის და IRCT (დანია, კოპენჰაგენი) თანადგომით. ტრენინგი ჩატარდება სასტუმრო „ირშადში", მისამართზე: ვაგიფის გამზირი №11, ბაქო.


აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით.


26 ივნისი  წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მიერ . 1987 წლის 26 ივნისს ძალაში შევიდა გაეროს კონვენცია წამების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ეს დღე 70-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT, დანია, კოპენჰაგენი) უზრუნველყოფს ამ დღეს დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინირებას.


2002 წლიდან მოყოლებული საქართველოში ამ დღეს წამების, ძალადობისა  და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია" სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.


საკონტაქტო პირი „ემპათიას" პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი 599516300


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner