logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: IMF-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს სპიკერობა ადასტურებს საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მაღალ შეფასებას
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:12

 

 

„სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს სპიკერობა ადასტურებს აღნიშნული ორგანიზაციების მიერ საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მაღალ შეფასებას, თანაც, არამარტო უშუალოდ ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ რეგიონული მასშტაბითაც“, - ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე აცხადებს.

 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მუდმივ მონიტორინგს უწევს მისი წევრი ქვეყნების მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, ფინანსურ სტაბილურობას, ფასების დონეს, საგადამხდელო ბალანსს და ამის საფუძველზე უწევს მათ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე პირობებში, როდესაც ჩOVID-19-ის გავრცელებამ გლობალური მასშტაბით შეზღუდა ეკონომიკა და დღის წესრიგში დააყენა კრიზისის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის აუცილებლობა პოსტპანდემიურ პერიოდში,“ - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე თავის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

ექსპერტის განცხადებით, IMF-ის მმართველ დირექტორთან კრისტალინა გეორგიევასთან კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელების დისკუსიაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის სპიკერობა ადასტურებს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მაღალ შეფასებას, თანაც, არამარტო უშუალოდ ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ რეგიონული მასშტაბითაც, ფაქტობრივად - რეგიონულ ლიდერობას.

 

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლისთვის სპიკერის როლის შეთავაზებაში არის აგრეთვე იმის სიმბოლური აღნიშვნაც, რომ საქართველო ერთერთი პირველთაგანი იყო, რომელსაც IMF-მა დახმარების ხელი გაუწოდა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ანტიკრიზისული გეგმის სარეალიზაციოდ.

 

იოსებ არჩვაძის განცხადებით, ასევე საყურადღებოა, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარებულ დისკუსიაში, რომელიც პანდემიის პირობებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას და ამ მიმართულებით ქვეყნების პოლიტიკის გაძლიერებას შეეხებოდა, სწორედ საქართველოს წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა, დეტალურად ესაუბრა ქვეყნის მთავრობის მიერ ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. მათ შორის, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამასა და პროექტზე „Log In Georgia“, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მოამზადა და სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებზე.

 

ექსპერტის განცხადებით, ამჟამინდელი კრიზისის დაძლევა და ეკონომიკური ზრდა ისეთ „სამ ვეშაპზე“ დგას, როგორებიცაა: ა) კერძო სექტორის როლის შემდგომი ამაღლება; ბ) ეკონომიკის მეტი დერეგულარიზაცია; გ) ბიზნეს-გარემოს შემდგომი ლიბერალიზაცია. სამივე კომპონენტის მიხედვით სწრაფი, ენერგიული და თანმიმდევრული რეფორმები საქართველოს ეკონომიკის მაგისტრალურ გზადაა მიჩნეული.

 

„სწორედ ამგვარი თამამი და ამბიციური რეფორმების განხორციელებაზე დაყრდნობით ვარაუდობს IMF, რომ 2021-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად გაჯანსაღდება, რომ მისი ზრდა უკვე 2021 წელს მიაღწევს 5 პროცენტს, ხოლო უახლოეს წლებში (2021-2025 წწ.) იქნება 5.5 პროცენტის დონეზე, რაც 1.3-ჯერ გადააჭარბებს ეკონომიკური ზრდის 2013-2019 წლების საშუალო წლიურ მაჩვენებელს.

 

საქართველოში საერთაშორისო კომპანიებისათვის შექმნილი კომფორტული პლატფორმა, რომელიც ემყარება ლიბერალურ საკანონმდებლო და საგადასახადო ბაზას, ქვეყნის პრაქტიკულად სრულ მოცვას სწრაფი ინერნეტით, არამარტო ზრდის მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დაინტერესებას საქართველოში საქმიანობით, არამედ ხელს უწყობს საქართველოს გადაქცევას რეგიონულ და ციფრულ ჰაბად, რომელსაც უჩნდება რეალური პერსპექტივა, კონკურენციაც კი გაუწიოს მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ჰაბებს,“ - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.

 

მისი თქმით, ამგვარ პოზიტიურ მოლოდინს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ უკვე მომდევნო, 2021 წლიდან საქართველოში ადგილი ექნება სამთავრობო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის შემცირების ტენდენციას, მაშინ როდესაც ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუსეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ესტონეთი და სხვ., ასეთი ვალი საგრძნობლად ეზრდებათ.

 

„ქვეყანაში ბოლო წლებში გატარებული თანმიმდევრული რეფორმების, საერთაშორისო დახმარებებისა და ანტიკრიზისული ღონისძიებების საფუძველზე შექმნილია საკმარისად მყარი საფუძველი საქართველოს დაჩქარებული განვითარებისა და მაკროეკონომიკური რისკებისაგან დაზღვევისათვის,“ - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner