ბელარუსში აშშ-ის საელჩო ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვასთან ერთად თავის მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.
დიპლომატიური მისიის განცხადებით, 25 ოქტომბერს იწურება ბელარუსის მთავრობისთვის წაყენებული „სახალხო ულტიმატუმის“ ვადა.
ულტიმატუმის ფარგლებში მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაგეგმილია საპროტესტო გამოსვლები, გაფიცვები, გზების გადაკეტვა და სხვა ზომები.
საელჩო არ გამორიცხავს, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს ძალის გამოყენების ესკალაცია მოხდეს. ამიტომ აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და დემონსტრაციებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, დიპლომატიური უწყება სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეებს მათი და მათი ოჯახების პირადი უსაფრთხოებისათვის განიხილონ ტრანსპორტირების ვარიანტები.
დიპლომატიური მისია ბელარუსში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს მოიამარაგონ სულ მცირე სამი დღის სამყოფი სურსათი, სასმელი წყალი, მედიკამენტები, ნაღდი ფული და სხვა აუცილებელი ნივთები. ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს 25 ოქტომბრამდე თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვა დაიწყება.