ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, ვინც საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალისა და და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკასა და ღონისძიებებს აკრიტიკებს.
თენგიზ ცერცვაძე „Facebook“ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის წერს:
„ბატონი გიორგი კანდელაკი ა.წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში წარუმატებლად შეეცადა ნეგატიურად შეეფასებინა ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ღონისძიებები (მაშინ მან თავი აარიდა ჩვენთან ამ საკითხზე ტელედებატებს).
ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს ბ-ნმა გიორგიმ და ბ-ნმა რევაზ ბოჭორიშვილმა (რომელიც საფრანგეთში საქმიანობს) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჯანმო-ს საერთაშორისო კვლევა „Solidarity”-ის შუალედური შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა მედიკამენტ რემდესივირის (ისევე, როგორც ამ კვლევაში ჩართული სხვა მედიკამენტების) ეფექტი COVID-19-ისმკურნალობაში და ნიშნის მოგებით და ძალიან ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. სრულიად გაუგებარია, რა უხარიათ ან რა აქვთ ნიშნის მოსაგები და სასაყვედურო. საიდან ამდენი ტყუილი, ღვარძლი და ბოღმა.
რა, თუ მედიკამენტები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს არაეფექტიანი ან ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა, ეს სასიხარულოა და ვინმესთვის კარგია? რატომ ვერ ეგუებიან ისინი, რომ ბოლო პერიოდში COVID-19-ით მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მიუხედავად ქვეყანა მაინც წარმატებით მართავს პროცესებს. მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“ ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასtროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია. დიდი ტყუილი.
COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (48 გარდაცვლილი). ეს ასეა, მოსწონთ თუ არა ეს მათ და შეუძლიათ ამაში მარტივად დარწმუნდნენ, თუ გაეცნობიან ევროპის CDC-ის, ამერიკის CDC-ის, Woldometers-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს. გასაგებია, რომ მათ და მათ თანამოაზრეებს „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“, მაგრამ ეს არ აძლევს მათ ადამიანების ბედით მანიპულირების უფლებას.
ბ-ნი რევაზითავის პოსტში წერს „საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების?!, COVID-ის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა“?!. ისეთი რა ხდება ბატონო რევაზ, რაც საფრანგეთში არ გინახავთ? მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო ყველა მაჩვენებლით ბევრად სჯობნის საფრანგეთს, სადაც თქვენ საქმიანობთ. კერძოდ, საფრანგეთში 24 ოქტომბრის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 1 041 075 შემთხვევა და 34 508 გარდაცვალება (3,31%). მაშინ, როცა საქართველოში დაფიქსირებულია 26 503 შემთხვევა და 193 გარდაცვალება (0,73%). 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საფრანგეთში COVID-19-ის 15 938 შემთხვევაა და 528 გარდაცვალება, მაშინ როდესაც საქართველოში - COVID-19-ის 6 648 შემთხვევაა და 48 გარდაცვალება - ანუ 11-ჯერ ნაკლები?! ვიდრე საფრანგეთში და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საფრანგეთისაზე ბევრად უფრო სუსტია და კიდევ აქეთ გვედიდგულებით? COVID-19-ის ახალი შემთხვევებითაც კი საფრანგეთში უარესი მდგომარეობაა 42 038 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 647), ვიდრე საქართველოში - 1941ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 511).
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველომ ამას სწორედ COVID-19-ის უკეთესი მართვით, მათ შორის უკეთესი კლინიკური მართვით მიაღწია და არა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით,რამეთუ ეს უკანასკნელი გაზაფხულზეც და მითუმეტეს ახლა გაცილებით უფრო მკაცრი და მასშტაბური იყო საფრანგეთში, ვიდრე საქართველოში (თუ გინდათ ჩამოგითვლით). ასე, რომ ბ-ნმა რევაზმა უმჯობესია თავის საფრანგეთს მიხედოს.
ის მაინც გაიხსენოს, რა საშინელებები ხდებოდა საფრანგეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც), თუ რამდენი ხანი ელოდებოდნენ ავადმყოფები (მათ შორის მძიმე ავადმყოფები) ტესტის პასუხებს და ჰოსპიტალიზაციას და რამდენი ავადმყოფი მოუკვდათ ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრაც არ ეღირსათ, ან როგორ მიჰყავდათ მძიმე ავადმყოფები გადასარჩენად მეზობელ გერმანიაში. საქართველოში ხომ ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება.
ახლა, ყველაზე გულდასაწყვეტი და ჩვენთვის მტკივნეული. ბ-ნმა გიორგიმ, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდით ჩვენგან ყოველგვარი საბაბის გარეშე ძალიან მოუხშირა არაკორექტულ და შეურაცხმყოფელ პასაჟებს ჩვენს მიმართ. ის თავის თავს უფლებას აძლევს თავის პოსტებში გამოთქვას თავისი კოლეგების მიმართ ისეთი არაკორექტული და სინამდვილეს მთლიანად აცდენილი ბრალდებები, როგორიცაა: „ღია კორუფციაში“?! ბრალდება COVID-19-ით უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ COVID კლინიკები სავსეა პირდაპირ „სახნავ-სათესიდან წამოყვანილი“ უსიმპტომო პაციენტებით (ისე, რომ არცერთ COVID კლინიკაში ერთხელაც არ არის ნამყოფი), უაპელაციოდ აცხადებს, რომ „ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს“?!
ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით და შევეცადოთ აღარ ვავნოთ სხვა მკურნალობებით“?! „რომ არ წავიტეხოთ ცხვირი ისე, როგორც მოგვივიდა ჰიდროქსიქლოროქინის შემთხვევაში წარსულში და რემდესივირის შემთხვევაში სულ ახლახანს“?! ეს უკვე სცდება არაკორექტულობის და არაეთიკურობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კორუფციის ბრალდებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს, რომ ჩვენ ასობით ადამიანს უკვე ვავნეთ?! მითუმეტეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინს COVID პაციენტების გარდა ბევრი სხვა ავადმყოფებიც იღებენ და ყველა მათგანი სტრესში აღმოჩნდება. ან კიდევ მართლა „წავიტეხეთ ცხვირი“ წარსულშიც და სულ ახლახანს (რა აზრები მოგდით?).
ვის რა ვავნეთ ბატონო გიორგი? ან რაზე „წავიტეხეთ ცხვირი“? ჰიდროქსიქლოროქინზე ჩვენთან არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა და პრაქტიკულად ყველა ავადმყოფი განიკურნა, ხოლო რემდესივირი კი ჯერ საერთოდ არ გამოგვიყენებია და რომც გამოგვეყენებინა, რა? მთელი მსოფლიო იყენებს და FDA-მაც უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. კიდევ რაღას ვუცადოთ? გამოდის, რომ თქვენს გარდა ყველამ „ცხვირი წაიტეხა“? და საერთოდ საქართველოში სადღეისოდ 50-მდე COVID კლინიკა მუშაობს და თან სულ სხვადასხვა გემოვნების და ბ-ნ გიორგის სხვადასხვა კვლევის შედეგებით მანიპულირების ნაცვლად, რომლებიც ისედაც ყველამ კარგად ვიცით, თავისუფლად შეეძლო ემუშავა რომელიმე მათგანში და თავისი წვლილი შეეტანა პაციენტების მკურნალობაში.
თორემ ვიდრე ბ-ნი გიორგი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ, იპოვონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26-ათასზე მეტ COVID-19-ით ავადმყოფს ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობის მაჩვენებლით“, - წერს თენგიზ ცერცვაძე Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.