სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ოთხშაბათს ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი პირების გამოკითხვა დასრულდა. ლაშა შენგელიამ, რომელიც იმ 4 მძევლიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც თავდამსხმელმა შენობიდან თან წაიყვანა, ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალები გაიხსენა. მან „შაბათის ფორმულსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდამსხმელის პირველი მოთხოვნა ბანკში იმ პირის შესვლა იყო, რომელიც მასთან მოლაპარაკებას დაიწყებდა.
„მისი მოთხოვნა იყო პირველი, რომ ვინმე შემოსულიყო, ისეთი, ვისთანაც დაიწყებდა მოლაპარაკებას.
112-ში დავრეკეთ - იმის მერე ჩნდება ბატონი ავთო. ბატონი ავთო ეუბნება, რომ გზაში ვარ, მოვდივარ, მე თვითონ ამოვალ, დაგელაპარაკები, რა მოთხოვნაც გაქვთ ყველაფერს შეგისრულებ",- ამბობს შენგელია.
შენგელიამ დღეს ინტერნეტში გავრცელებული კადრების შესახებაც განაცხადა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადასცემს ავთო გალდავა თავდამსხმელს თანხას. მისი თქმით, არც მან და არც თავდამსხმელმა არ იცოდა, რომ ვიდეოს იღებდნენ.