ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არ ისჯება. როცა მავანსა და მავანს ეცოდინება, რომ მსგავსი ტყუილისთვის ვიღაც დაისაჯა, აღარ გაუჩნდება სურვილი, თავადაც გაიმეოროს
უკონცერტობაზე დიდი ხანია წუხან ქართველი მომღერლები.როცა მიმართავ კითხვით: რა სიახლეებია თქვენს კარიერაში? უმრავლესობა უმოქმედობაზე საუბრობს, ნაწილი კი მხოლოდ გასვლით კონცერტებზე ჰყვება. მათ შორისაა ლელა წურწუმიაც.
- ახლა ორ ახალ სიმღერას ვწერ, მაგრამ ორიენტირი მაინც უცხოეთზე მაქვს. საქართველოში არაფერი ხდება. ბოლოს მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზე ვიმღერე. აქ მეგობარი თუ დამიძახებს, თორემ... ეს არ არის მოგონილი. ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვლაპარაკობ. არც ვიცი, სად არიან, რას აკეთებენ, რითი სუნთქავენ, რითი ცხოვრობენ ჩემი კოლეგები. ჩვენ ხომ არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე, ჩვენ თვითგამომუშავებაზე ვართ. შესაბამისად, როცა არ არის კონცერტი...
- საახალწლო კონცერტებშიც არ მიგიღიათ მონაწილეობა?
- არა.
- არც თბილისობის კონცერტზე გიმღერიათ?
- არა.
- ახლო მომავალში გასვლითი კონცერტი გაქვთ დაგეგმილი?
- მარტში მივდივარ ისრაელში.
- მამულიჩასთან ერთად?
- კი, მამულიჩაც წამოვა.
- როგორ არის თვენი პროდიუსერი, აღარ აქტიურობს ჟურნალისტებთან.
- სამაგიეროდ აქტიურობს სოციალურ ქსელში... სოციალურ ქსელზე გამახსენდა და თუ ნებას დამრთავთ, პატარა განცხადება მინდა გავაკეთო თქვენი გაზეთის საშუალებით.
- ბრძანეთ...
- ისე შევწუხდი, ამას წინათ ისიც ვიფიქრე, ვიდეომიმართვას გავავრცელებ-მეთქი. არ მაქვს „ფეისბუკი", არც არასდროს მქონია. შესაბამისად, ნებისმიერი კომენტარი, განცხადება, მიმართვა, რომელიც გაკეთებულია ჩემი სახელითა და გვარით სოციალურ ქსელში, არის ტყუილი. არ აქვს მნიშვნელობა, კარგს ამბობენ ჩემი სახელით, თუ ცუდს, როცა ჩემს მაგივრად განცხადებას აკეთებენ, ეს ძალიან ცუდი ფაქტია. ბოლოს გაჩნდა გაურკვეველი საიტი, რომელზეც მასალები იდება მხოლოდ სათაურით და შესვლის შემთხვევაში ტექსტი არ გხვდება. აკეთებენ კომენტარებს ჩემი სახელით, მერე ვიღაც მეპასუხება, ვიღაც მიცავს. მოკლედ, სერიალია რაა... მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მამულიჩამ სოციალურ ქსელში დასქრინა ეს გვერდი, რომელიც ჩემი სახელით იყო გაკეთებული და დააწერა, ერთი ადგილის თამაშს თავი დაანებეთო. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არ ისჯება. როცა მავანსა და მავანს ეცოდინება, რომ მსგავსი ტყუილისთვის ვიღაც დაისაჯა, აღარ გაუჩნდება სურვილი, თავადაც გაიმეოროს. არავის სთხოვენ პასუხს ცილისწამებისთვის, ტყუილისთვის, სხვისი სახელით სარგებლობისთვის...
- ამ სიტუაციამ საქმე გაგიფუჭა?
- როცა იურმალაში ნუცა ბუზალაძე გვყავდა წაყვანილი, მაშინ ჩემს ფანგვერდზე, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი გაკეთებული არ არის და არც ვიცი, ვინ აკეთებს (ასეთი ბევრია), ვიღაცამ თავისი მოსაზრება დაწერა, ალა პუგაჩოვა გალანძღა. ჯერ კიდევ შუა კონკურსი იყო, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახებოდა ნუცას შედეგზე. მესმის, რომ მყავს გულშემატკივრები, ადამიანები, რომლებსაც არ ვუყვარვარ, მაგრამ ყველას ვთხოვ, ჩემი სახელით განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. ჩემი გალანძღული კაცი არ უნახავს არავის. ჩემ მაგივრად ნუ ლანძღავენ ადამიანებს. სკანდალური განცხადებებისგან ყოველთვის თავს ვიკავებ. თუ კომენტარს ვაკეთებ, ვაკეთებ სახალხოდ, პრესით ან ტელევიზიით, სოციალურ ქსელში არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმედია, მეტჯერ აღარ დამჭირდება ამის გამეორება, არ მაქვს არანაირი სოციალური ქსელი!
ნინო მჭედლიშვილი