„იქნებ, როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და ექიმებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება, ვინაიდან ისინი 9 თვეა, თავს არ ზოგავენ. ჩვენ კიდევ გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენს ექიმებს არათუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, არამედ პირიქით, გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგრადობას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რა ვითარებაა ცხელების ცენტრში, ვინაიდან ადამიანი წერდა, რომ „ვიდრე ამბავი არ ატეხა“, მანამდე არ შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ „ამბის ატეხვა“ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაკლია.
„ახსენეთ ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი. არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო. პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას ესაჭიროება მას რეანიმაცია, თუ არა. ამ დაგაწყვეტილებას ვერ მიიღებს რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი, მას არ გააჩნია საკმარისო კომპეტენცია განსაზღვროს, ესაჭიროება თუ არა მას რეანიმაცია, მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ის ვერანაირ „ამბავს ვერ ტეხავს“. ანუ, ოჯახი, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს ექიმებს აბარებს, მითუმეტეს არ უნდა ატეხოს, ვინაიდან, თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ თავისი პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას, რომელი ნაბიჯი, რომლის შემდეგ უნდა გადადგას პაციენტის სიცოცხლის დასაცავად. აი, ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში. აქედან გამომდინარე, იქნებ, როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და ექიმებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება, ვიანაიდან ისინი 9 თვეა თავს არ ზოგავენ. ჩვენ კიდევ გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენ ექიმებს არათუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, არამედ პირიქით, გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგრადობას“, - განაცხადა ტიკარაძემ.