მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5 645 320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული.
ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს.
ცნობისთვის, ოქტომმბრის დასაწყისში ოპოზიციამ და ექსპერტების ნაწილმა გამოთქვა უკმაყოფილება იმაზე, რომ მთავრობა „ევექსისგან“ შეგნებულად ყიდულობდა საწოლფონდს იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. მთავრობის ბოლო შესყიდვების მიხედვით, კი ყველაზე მსხვილი, 1.1-მილიონიანი ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტრომ „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოს“ გაუფორმა.
ხელისუფლებას ჯანდაცვის ექსპერტების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი ასევე ედავება ფულის ზედმეტ ხარჯვას. მათი თქმით 48 მილიონად არათუ საწოლფონდს, გონიერი მენეჯერი, მთელ კლინიკას ააშენებს.
საწოლფონდის შესაძენად 48 მლნ ლარის მობილიზების მიზნობრიობა, საჭიროება და გონივრულობა დღეს პრემიერ-მინისტრმაც განმარტა. მისი თქმით, საავადმყოფოს აშენებასა და ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნას დაახლოებით 80 ათასი დოლარიდან - 120 ათას დოლარამდე სჭირდება. 5 000 საწოლი რომ შეიქმნას, ამას სჭრიდება ნახევარი მილიარდი დოლარი.
„ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს. 5 ათასი ადგილი ახალ წლამდე მუდმივ მზადყოფნაში რომ გვქონდეს, ეს ამისთვის გამოცხადდა. 5 ათასი გვჭირდება იმისთვის, რომ თუ ახალ წლამდე ინფიცირებულების ოდენობა გაიზრდება, საწოლები გვქონდეს“, -განმარტა პრემიერმა.
შეგახენებთ, საქართველოს მთავრობა კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებითი საწოლების მობილიზებას ახდენს. სოციალური მომსახურების სააგენტომ 48-მილიონლარიანი გამარტივებული შესყიდვისთვის მთავრობისა და შესყიდვების სააგენტოს თანხმობა ოქტომმბრის დასაწყისში ითხოვა.