გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, გორის ცენტრში მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო, გორის მუნიციპალიტეტს გადაეცა.
მისი თქმით, ადგილზე რეკრეაციული ზონა და ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა.
„წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში გადადიოდა ხელიდან ხელში ისე, რომ არ განხორციელებულა ინვესტიცია. დღეს, გორელებს და არა მხოლოდ გორელებს, გვაქვს საშუალება, ვაცნობოთ და სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა.
გორელებს კარგად ახსოვთ, როგორი მახინჯი პრაქტიკის საშუალებით ხდებოდა ქონების სხვადასხვა ორგანიზაციაზე, პირებზე გადაცემა, მაგრამ გორის ცენტრში ნაგავსაყრელად იყო ქცეული ეს ტერიტორია. მხოლოდ მსგავსი ტიპის ქველმოქმედების საშუალებით მოხდა შესაძლებელი, ქალაქის ცენტრში გვქონდეს თანამედროვე რეკრეაციული ზონა, თანამედროვე დასასვენებელი პარკი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და გორელი ახალგაზრდებისთვის უკიდურესად საჭირო, ინფრასტრუქტურა, როგორიც არის ახალგაზრდული ცენტრი.
ახალგაზრდული ცენტრი იქნება თავშეყრის ადგილი, არაფორმალური განათლებისა და განვითარების შესაძლებლობა. ზოგადად, აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ქართუ ჯგუფისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიდგომას, მის ხელწერას, როგორიც არის დამოკიდებულება კერძო, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ინსტიტუციების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის განსაკუთრებული ღვაწლი და მიდგომა, რომელიც ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღენიადაგ აგროვებს მისხალ-მისხალ იმ მიწებს, ტერიტორიებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ჩუქნის სახელმწიფოს და შემდგომ ანვითარებს“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.