„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად რადიკალური ოპოზიცია უფრო მეტ მანიპულაციასა და პროვოკაციას მიმართავს.
ამით ის გამოეხმაურა და დაეთანხმა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის მხრიდან ყალბი ვიდეომასალის შესაძლო გავრცელებაზე ისაუბრა.
„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გააქტიურდება რადიკალური ოპოზიცია, რომ გადავიდეს მანიპულაციების და პროვოკაციების მხარეს. ისინი ირჩევენ სწორედ ამ მეთოდებს და შორს არიან დემოკრატიული პრინციპებისგან. ასე რომ, ცხადია, მათგან მოსალოდნელია ნებისმიერი სახის მზაკვრული გეგმების განხორციელება, მაგრამ ქართული საზოგადოება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ეს თემა ახალი არ არის და დარწმუნებულია, რომ ყალბი ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიურად გავრცელდება.
„ეს თემა, რაზეც ირაკლიმ ისაუბრა, ჩვენთვის ახალი არ არის. დავეთანხმები, რომ გაცილებით ინტენსიური იქნება წინასაარჩევნო პერიოდში. ამას ჰქვია „Fake News“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ იქამდე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ინტერნეტში ცრუ ვიდეომასალის გავრცელებას გეგმავს.