ტყუილია, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შს სამინისტრო მძარცველის დაკავებისთანავე გაავრცელებს ინფორმაციას.
“ეს არის მიზანმიმართულად, უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს, ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. ტყუილია ეს ყველაფერი და სიმართლეს არ შეესაბამება. გპირდებით, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, დაუყოვნებლივ, პირველი გაიგებთ ჩვენგან“, – განაცხადა ბორცვაძემ.
21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.