„ნიკა რურუასნაირი ადამიანები სულხან მოლაშვილზე ასეთი ტონით არ უნდა საუბრობდნენ, ეს უბრალოდ სირცხვილია", - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეგობარმა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მოლაშვილზე სისტემატური ძალადობა ხორციელდებოდა, რომელსაც მირცხულავა ყოფილი ხელისუფლების სისტემურ დანაშაულს უწოდებს.
"ამ სისტემურმა დანაშაულმა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდანა , სულხანის თავზე გადაიარა. მასზე გამოსცადეს ყველაფერი ის სისაძაგლე, რაც შეიძლება გაეკეთებინათ, მიჩენილი პატიმრებიდან დაწყებული, რომლებიც საშინელებებს აკეთებდნენ, ყველაფერი. სულხანი საღსალამათი შევიდა ციხეში, იქედან კი C ჰეპატიტით დაავადებული და დანგრეული ფსიქიკით გამოვიდა.
ნიკა რურუასნაირი ადამიანები სულხან მოლაშვილზე ასეთი ტონით არ უნდა საუბრობდნენ, ეს უბრალოდ სირცხვილია. სირცხვილია, როდესაც სულხანზე იტყვი, რომ ნაწამები არ იყო. სირცხვილია, როდესაც ამბობ სულხანი არა, მაგრამ ვანო მერაბიშვილია პოლიტპატიმარი. სულხანს სიცოცხლის ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ მის მიმართ სამართლიანობა აღდგებოდა. სულხანს, მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს." - განაცხადა დავით მირცხულავამ.