logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ
- +

27 ოქტომბერი. 2020. 10:04

 

 

 

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, გასულ ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ იცავდნენ. როგორც ბაქოში ამბობენ, 27 ოქტომბერს ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლს სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან უხსნიდნენ. მათივე ცნობით, ცეცხლი გახსნეს ახლომდებარე დასახლებული პუნქტების მიმართულებითაც.

 

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მოწინააღმდეგის მხრიდან შეტევის მცდელობა აღკვეთეს.

 

„საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ხოჯავენის, ფიზულისა და გაბუდლის მიმართულებით. შედეგად, აზერბაიჯანის არმიის მიერ განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების 18-ე მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტი. მოკლულებს შორის არის დივიზიის მეთაური პოლკოვნიკი სერგეი შაქარიანი“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

 

მათივე ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე განადგურებულია სამხედრო ტექნიკა. მათ შორის, ტანკები და საზენიტო დანადგარები.

 

კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროც. მათი ცნობით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია.

 

„მოწინააღმდეგე კვლავაც უხსნიდა ცეცხლს მშვიდობიან დასახლებებს, მათ შორის, ქალაქ მარტუნის, მარდაკერტსა და ასკერანის სოფლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მათ უკვე აქვთ მტკიცებულება, რომ აზერბაიჯანის არმია სხვადასხვა სამხედრო ამოცანის შესასრულებლად თურქულ ავიაგამანადგურებლებს, „F-16“-ებს იყენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner