logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: მშვენივრად გრძნობენ თავს ის ადამიანებიც, ვინც ჩემს წამებაში მიიღო მონაწილეობა!
- +

30 ივნისი. 2016. 01:51


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ საქართველოში მიმდინარე პროცესებს საფრანგეთიდან აფასებს და იმ საფრთხეებზე გვესაუბრება, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არის მოსალოდნელი. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს წამებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.


- ბატონო სულხან, ჩვენი ბოლო ინტერვიუ გაზეთასავალ-დასავალში" ზუსტად 2012 წლის 2 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს გამოქვეყნდა. ამიტომ საინტერესოა, როგორ აფასებთ არჩევნების შემდეგ განვლილ წელიწადნახევარს?


- უწინარეს ყოვლისა, მინდა, ჩემი პატივისცემა, მხარდაჭერა და თანადგომა გამოვხატო „ასავალ-დასავალის" მიმართ. ბოლო პერიოდში ყოფილი ხელისუფლების მხრიდან „ასავალ-დასავალის" მისამართით იმდენი ლანძღვა-გინება მოვისმინე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ის გაზეთია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. „ასავალ-დასავალს" თვითონ „ნაციონალები" ზედმიწევნით კითხულობენ, რა ვქნათ, თუკი ღიზიანდებიან - ამ ცრუპენტელებს სიმართლის მოსმენაზე სხვა რეაქცია არც შეიძლება ჰქონდეთ.


რაც შეეხება შეკითხვას. ჩვენ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ავიცილეთ სერიოზული საშიშროება, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებდა და ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას გაქრობას უქადდა. ის, რაც „ნაციონალური" პოლიტიკის წყალობით ხდებოდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა თვალთმაქცური სპეცოპერაცია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს სპეცოპერაცია დღესაც გრძელდება და მის სათავეში ისევ „ნაციონალები" დგანან, ამიტომაც დაუშვებელია, სამართლიანობის იდეა შევცვალოთ თითიდან გამოწოვილი ისეთი ტერმინით, როგორიც არის კოაბიტაცია. მსოფლიოს ვერცერთ საკანონმდებლო დოკუმენტში, ვერცერთ კოდექსში, ვერცერთ კონსტიტუციაში ვერ იპოვით ამ სიტყვას. რა შუაშია კოაბიტაცია მართლმსაჯულებასთან? ნურავინ დაგვიშლის, რომ ბოროტის მქმნელს მივაგოთ ის, რაც დაიმსახურა!


- ბატონო სულხან, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე უარის თქმას ხელისუფლება იმით ამართლებს, რომ საამისოდ ბიუჯეტში თანხები არ მოიძებნება. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს არგუმენტი?


- ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფმა, რომელსაც მე პირობითად დავარქვი სამართლიანობის აღდგენის კომისია, უნდა იმუშაოს არა მხოლოდ რეპრესირებული პატიმრების უფლებების აღდგენაზე, არამედ ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერებაზეც. გამოსაკვლევია ურთიერთობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. როგორ მოხდა, რომ მაინცდამაინც გიგა ბოკერიას მამას აღმოაჩნდა ისეთი განსაცვიფრებელი ნიჭი არქიტექტურასა და მშენებლობაში, რომ ყველა ტენდერში მისი კომპანია იმარჯვებდა?! ვკითხოთ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას, სადაც ძალიან კარგად იცნობენ ვანო მერაბიშვილის ოჯახს, როგორ მოხდა, რომ ეს მართლაც გაღლეტილი ვანო ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა? ვიკითხოთ და გამოვიკვლიოთ, როგორ აღმოაჩნდათ ბიზნესის წარმოების განსაცვიფრებელი ნიჭი სააკაშვილის დედას და ბებიას? სააკაშვილმაც აღიარა, ისეთი პირობები შევქმენით, რომ ბებიაჩემსაც კი აღმოაჩნდა ბიზნესის ნიჭიო. დიახ, მათ თავიანთი გუნდის წევრებისთვის შექმნეს ასეთი პირობები! დღეს ამ ადამიანებს მორალური უფლება არა აქვთ, ილაპარაკონ საქართველოს მოსახლეობის წინაშე. მეტიც, მათ იმდენად აქვთ დაკარგული მორალური სახე და მორალური უფლება, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ამას იურიდიული კვალიფიკაცია მისცეს.


სასაცილოა, ბაჩო ახალაიას, რომელიც საქართველოს ციხეებში მკვლელობების მთელი სერიების ორგანიზატორია, ბრალი წაუყენო იმაზე, რომ ვაშლის გაჭრის დროს ვიღაცას დანის ტარი მოუღერა. მე რომ ჩემი თვალით არ მენახა ის საზიზღრობები, რასაც ბაჩო ახალაია სჩადიოდა, ხმას არ ამოვიღებდი. დღესაც მზად არიან პატიმრები, დაახლოებით 15-20 კაცი და მეც სიამოვნებით მივცემ ჩვენებას იმის თაობაზე, თუ როგორ შემოიყვანეს გირგვლიანის მკვლელები „რესბალნიცის" დაწესებულებაში, სადაც სპეციალურად მათთვის ევროპულ დონეზე გაარემონტეს ორი ოთახი, რისთვისაც რამდენიმე დღით ადრე გააუქმეს ექთნების კაბინეტი, დაამონტაჟეს კონდიციონერები და შეიტანეს ძვირფასი ავეჯი. მათ პირადად მოუძღოდათ დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და ვასილ სანოძე. ეს ადამიანები ყოველ საღამოს მოდიოდნენ პურმარილით და მთელი ღამე გამოდიოდა ღრეობის ხმა. გირგვლიანის მკვლელები იყვნენ შსს-ს სპეცაგენტები, რომლებიც ასრულებდნენ პირადად პრეზიდენტის, შს მინისტრის და ხელისუფლების სხვა მაღალი პირების დავალებებს. არსებობს ინფორმაცია მათი შესაძლო კავშირის შესახებ სხვა გახმაურებულ მკვლელობებთან, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან. ნინო ქადაგიძემ თავად თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ახალაიას, ალანიას და მელნიკოვს უკავშირდება. გირგვლიანის მკვლელები მათ დამკვეთებთან ერთად იმდენ ბინძურ დანაშაულებში იყვნენ გახვეული, რომ მერაბიშვილსაც და სააკაშვილსაც აკანკალებდათ, ხმა არ ამოეღოთ. ეს ყველაფერი შეიძლება დღეს გაუხმაურებელია, მაგრამ ადრე თუ გვიან, ჩვენ მაინც გავიგებთ სიმართლეს.


გული დამეწვა, როცა დილით ჩემთან და დათო მირცხულავასთან შემოვარდა ზურა ვაზაგაშვილის მეგობარი ფუთურიძე, თქვენ უფროსები ხართ და იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, ადვოკატი შემოვიდა დილის რვის ნახევარზე, მთავაზობს, აღიარე, რომ მანქანიდან პირველი თქვენ გაისროლეთ და ამიტომაც მიიღეთ საპასუხო ცეცხლი პოლიციის მხრიდანო. თუ ამას იტყვი, 4 წელს მოგცემენ, მალე „უდო"-ზეც დადგება შენი საკითხი და თუ არ იტიყვი, მაშინ 24 წელს მოგისჯიან, არ სჯობია, გახვიდე გარეთ და ასე დაეხმარო შენი გარდაცვლილი მეგობრების მშობლებსო? მაშინ ადვოკატები ციხეში საერთოდ ვერ შემოდიოდნენ და დილის რვის ნახევარზე ვინ დაუგო ფუთურიძის ადვოკატს ფიანდაზები? ხომ ადვილი გამოსაკვლევი და დასადგენია ამ ბიჭის მეშვეობით ეს ყველაფერი?! რად უნდა ამას საბიუჯეტო დანახარჯები?


შესწავლის საგანი უნდა იყოს იმ ადვოკატთა საქციელი, რომლებიც „დაუწვნენ" „ნაციონალურ" ხელისუფლებას და საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების ნაცვლად ხელისუფლებასთან ფარული თანამშრომლობის გზას დაადგნენ. ისინი ფარულ გარიგებაში იყვნენ პროკურატურასთან და კლიენტებს სიმართლის დაცვის ნაცვლად, ტყუილის აღიარებისკენ მოუწოდებდნენ. ფუთურიძის ადვოკატის საქციელი სხვა რა არის, თუ არა სახელმწიფოს სასარგებლოდ საიდუმლო ჯაშუშობა და დანაშაულში თანამონაწილეობა, რაც ყველა ქვეყანაში სამარცხვინო საქმედ ითვლება?! ასეთ ხალხს პროფესიულ საქმიანობაზე სამუდამო აკრძალვა უნდა დაუწესო.


- ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ახსენეთ. მერაბიშვილი ხმამაღლა ამბობს, რომ მის გარდაცვალებაში საეჭვო არაფერია, ბარამიძე აცხადებს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, დაცვის უფროსი ხარშილაძეც ამბობს, რომ თავად არის დაინტერესებული სიმართლის დადგენით...


- ეს განცხადებები თავდაცვის საშუალებაა და მეტი არაფერი. სჯობს, მერაბიშვილმა ის აგვიხსნას, რა ეჩქარებოდა, როცა დილაუთენია ტელევიზიით გამოვარდა და ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე, პირდაპირ გამოაცხო დასკვნა, პრემიერ-მინისტრი გაზით გარდაიცვალაო. ვფიქრობ, მერაბიშვილის ბოლოდროინდელი გაშმაგება, „ნაციონალების" თავდასხმები პროკურატურაზე, უკავშირდება სწორედ იმას, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე მალე გაიხსნება! რატომ ჰგონიათ ამ ბრიყვებს - „ნაციონალურ მოძრაობას" და მის დამქაშებს, რომ პროკურორის გალანძღვით მათი ბრალი შემცირდება? მათ ჩადენილ დანაშაულს ვერაფერი გადაფარავს.


- დიდი აჟიოტაჟი ატყდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილი შუაღამეს წაუყვანიათ პროკურატურაში დაკითხვაზე და მთავარ პროკურორს შეუთავაზებია, ჟვანიას საქმის გამოძიებაში დაგვეხმარეო.


- თუკი სერიოზულად მივუდგებით მერაბიშვილის განცხადებას, შეიძლება ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა საპატიმრო ადგილიდან გადაყვანის წესების დარღვევას. მაგალითად, მე ღამის სამ საათზე „სპეცნაზის" ძალებით რომ გადამიყვანეს ორთაჭალის საპყრობილიდან მე-7 იზოლატორში, ეს არც კი გამისაჩივრებია, იმდენად დიდი დარღვევები ჰქონდათ მანამდე ჩადენილი, იმდენ საშინელებას სჩადიოდნენ ყველა პატიმრის მიმართ, რომ ეს სალაპარაკოდაც არ ღირდა.


პატიმართა უმრავლესობას ისეთი საშინელებები გვაქვს გადატანილი, რომ დღეს ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, შეუძლებელია, სიმწრით არ გაგვეღიმოს. ყოველღამე ისმოდა მამაკაცების ტირილი, სასოწარკვეთილი ადამიანების განწირული მოთქმა-გოდება, ნაწამები პატიმრების არაადამიანური ღრიალი, ყოველღამე სისხლში ცურავდნენ პატიმრები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ ტოვებდნენ მათ უწამლოდ და სამედიცინო დახმარების გარეშე, როგორ ყრიდნენ შიშვლებს გაყინულ კარცერებში. სიმწრით მეცინება, ვანო მერაბიშვილის მეუღლე რომ პაემანს ითხოვს. ხომ გახსოვთ მთელი წელიწადი და 8 თვე შვილი არ მაჩვენეს. ზუსტად მერაბიშვილის ბრძანებით და ახალაიას ხელშეწყობით ღამის სამ საათზე „რესბალნიცაში" სასამართლო პროცესი რომ ჩამიტარეს, ესეც ხომ გახსოვთ? იმ პროცესს არც მე დავსწრებივარ და არც არავინ შესულა დარბაზში მოსამართლისა და პროკურორის გარდა. მთვრალმა, გალეშილმა მოსამართლემ გამომიტანა განაჩენი. აი, თავად ასეთ საშინელებებს სჩადიოდნენ შუაღამეს ციხეებში. დღესაც ცოცხლები არიან ის ბიჭები, ვისაც პათოლოგიური სიმთვრალით „დაჯილდოებული" ახალაია ტყვიებს ესროდა. რა საბიუჯეტო თანხები უნდა ამ ბიჭების მოძიებას და გამოკითხვას?


- თქვენ საუბრობდით იმის შესახებაც, თუ როგორ ექცეოდნენ გარდაცვლილ პატიმრებს, რომ მათ შინაგან ორგანოებს აცლიდნენ. ეს შემდეგ სხვა ყოფილმა პატიმრებმაც თქვეს. გამოითქვა ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანების ორგანოებით ვაჭრობას.


- კიდევ ვიმეორებ, აუცილებლად უნდა შეიქმნას სამართლიანობის აღდგენის კომისია,რომელიც ზემოჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, აუცილებლად შეისწავლის საპატიმროებში პატიმართა მოკვდინების მიზეზებს და შედეგებს. ცალკე გამოძიების თემა უნდა იყოს, რომელმა ექიმმა, რომელმა ექსპერტმა, რომელმა პათანატომმა რა ჩაიდინა და ვისი დავალებით?! დიახ, საპატიმროებში გვამები სპეციალურად ფუჭდებოდა პედოფილი, სამუდამოპატიმრობამისჯილი და „ქათმების" კამერებიდან მოწვეული პატიმრების მიერ. გვამებს კვეთდნენ ორგანოებს: გულს, ფილტვს, თირკმელს, ტვინს. ავსებდნენ აგურებით, ფიცრებით, ნაჭრებით. ამაზე პასუხისმგებელი დღემდე არავინ მინახავს. საჭიროა ზუსტი ანალიზი, რომელი გარდაცვლილი პატიმრის დასკვნა რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ჩვენს წინა ინტერვიუში მე დავასახელე პატიმარი „სომეხა", რომელსაც ძალიან დიდი სასჯელი ჰქონდა და სპეციალურად მუშაობდა ამაზე. ეს „სომეხა", ჩემდა გასაოცრად, 2009 წელს ქალაქის პოლიციის შენობასთან გამართულ აქციაზე შემხვდა, თანაც მოწინავე ადგილზე იდგა ამათ რიგებში, ვინც პოლიციის წინ პროტესტს გამოხატავდა. როგორც ჩანს, „სომეხას" არა მხოლოდ პატიმრების გვამების გასაფუჭებლად იყენებდნენ, ის რაღაც მორიგი ბინძური დავალების შესასრულებლად ჰყავდათ აქციაზე გამოშვებული. „სომეხას" მიტინგიდან გაგდების გამო, პოლიციელთან ჩხუბიც კი მომივიდა და სწორედ იმ საღამოს სპეცრაზმელებმა 14 წლის შვილი მიცემეს. რატომ არ არის დღემდე დაკითხული პატიმარი „სომეხა"; რატომ არ აინტერესებს გამოძიებას, ვისი დავალებით და რა მიზნით კვეთდა ორგანოებს გვამებს?


გამიხარდა, რომ პროკურატურამ ბოლო დროს ასეთი შემართებით დაიწყო მუშაობა და ამასთან ერთად დაიწყო „ნაციონალების" მძაფრი შეტევაც პროკურატურის წინააღმდეგ. დიახაც, უნდა გააქტიურდეს პროკურატურა. ამათ თავხედობას ბოლო უნდა მოეღოს!


- რა განცდა გაქვთ, როცა იმ ადამიანებს უყურებთ, რომლებიც თქვენს წამებაში მონაწილეობდნენ?


- თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც ჩემი საქმის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა, უნდა იცოდეს, რომ ამის გამო აუცილებლად პასუხს აგებს. სხვათა შორის, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთმა მოსამართლემ დამირეკა, შევხვდით, ვისაუბრეთ და თითქმის მეგობრებივით დავშორდით ერთმანეთს. ეს კაცი მართლა განიცდიდა, რომ ჩემი საქმის განხილვა დაავალეს. რას ვიზამდი, ხომ არ მოვკლავდი, ყელს ხომ არ გამოვჭრიდი? მაგრამ მათ, რომლებიც არათუ ნანობენ თავიანთ საქციელს, ახალი ხელისუფლების პირობებშიც გამოჯგიმულები მუშტებს იღერებენ, მათ ნამდვილად არ შევარჩენ არაფერს!


როცა ჩემი საქმის გამყალბებლებს და მწამებლებს ვუყურებ, განვიცდი საშინელ გაორებას, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების საოცრად დიდი გულშემატკივარი ვარ და, მეორე მხრივ, ვხედავ, რომ ის ადამიანები, ვინც გუშინ და გუშინწინ სააკაშვილისა და მერაბიშვილის დავალებებს ასრულებდნენ, პროკურატურაში დაწინაურებული არიან. სხვათა შორის, ციხის თანამშრომლები აპირებდნენ, მოეყარათ თავი ყველა დოკუმენტისთვის და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ორგანიზებულად მიეტანათ სამართალდამცველ ორგანოებში, რათა შეექმნათ ჭეშმარიტი სურათი იმისა, თუ რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, დაესახელებინათ კონკრეტული პირები, ვისგანაც უკანონო და ბინძურ დავალებებს იღებდნენ. როგორც ხედავთ, ამ ადამიანებმა ეს ნაბიჯი აღარ გადადგეს, რადგან ნახეს, რომ ნამდვილი დამნაშავეები ისევ თანამდებობებზე არიან და იმუქრებიან კიდეც.


მშვენივრად გრძნობენ თავს ის ადამიანებიც, ვინც ჩემს წამებაში მიიღო მონაწილეობა. ერთხელ გითხარით და ვადასტურებ, ჩემს წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და ვალერი გრიგალაშვილი! მე ამ დროს თვალებზე აფარებული მქონდა, თუმცა, ხმებით შესანიშნავად ვიცანი ისინი. ჩემი წამება მიმდინარეობდა ელექტროშოკებით, იყო ფურთხება, ცემა, გინება, შეურაცხყოფა. როდესაც დღეს ბოკერია და გრიგალაშვილი ასეთი გულუბრყვილო სახით უარყოფენ ყველაფერს, მიპასუხონ, ჩემი წამების საქმე 2004 წლიდან რატომ აქვთ თაროზე შემოდებული?


- პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი ამბობს, რომ თქვენ თავად მიიყენეთ საკანში თერმული დაზიანება.


- ჯერ კიდევ ახალი გახმაურებული იყო ჩემი წამების ფაქტი, როცა გრიგალაშვილმა ტელევიზიით ეს სისულელე წამოროშა. ჯერ ერთი, ნახოს თავის მიერ დანიშნული სახელმწიფო ექსპერტიზის და ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები. ყველგან წერია, რომ დაზიანებები მიყენებულია მკვრივი, ცხელი საგნით, გამოყენებულია როგორც ელექტროშოკერი, ისე სიგარეტის ნამწვავები. გაიხსენოს, რა თქვა ჩემი საკნიდან გამოსულმა მათიას იორშმა - ასეთ პირობებში პატიმრის მოთავსება ადამიანის წამების ტოლფასიაო. მიპასუხოს გრიგალაშვილმა, როგორ მოხდა ღამის სამ საათზე სპეცრაზმის თანხლებით ჩემი მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანა? ჩემი ნებით გამოვიძახე სპეცრაზმი და ვთხოვე, მე-7 საპყრობილეში ისეთ საკანში გადამიყვანეთ, სადაც მათიას იორში მოვა და ჩემი წამების ფაქტს დაადგენს-მეთქი?


გრიგალაშვილმა თავი დაანებოს უაზრო მანიპულაციებს, თორემ ცუდად დაამთავრებს, იმიტომ, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივყვები და მას მოუწევს პასუხისგება როგორც სამართლებრივად, ისე ადამიანურად. გრიგალაშვილმა ისიც არ იცის, რომ ჩემს საქმეზე ის, როგორც ქალაქის პროკურორი, „პეშკად" გამოიყენა „ნაცმოძრაობამ". მაგ საწყალს ერთხელ ხომ უპირებდნენ დაჭერას და გადარჩა. გააჩეროს ეგ უცოდინარი თავი, თორემ კიდევ გამოიყენებენ „ნაციონალები". მან ისიც არ იცის, რომ სულხან მოლაშვილის საქმეზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი დაიბანა და ყველაფერი პროკურორს დააბრალა. თუ გრიგალაშვილი მოინდომებს, ვაჩვენებ დოკუმენტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" აღიარებს ჩემი წამების ფაქტს და აცხადებს, პოლიტიკური მოტივებისა და ჩვენი ხელისუფლების ახირების ბრალი კი არ არის ის, რაც სულხან მოლაშვილს დაემართა, არამედ გამოძიებაში არსებული ხარვეზების ბრალიაო. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად მოიხსნეს პასუხისმგებლობა და ხელი გრიგალაშვილს შეაწმინდეს.


რაც შეეხება ბოკერიას, რომელმაც ასეთი დამსახურებული მონაწილეობა მიიღო ჩემს საქმეში, თუმცა, ბოლომდე არ მიჰყვა მას, თავი ქუდში დაიგულა და მთელი ეს წლები მშვიდად ცხოვრობდა. ის არც კი დაინტერესებულა სტრასბურგის მითითებით და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებებით, რომ საფუძვლიანად გამოეკვლიათ ჩემი და, ზოგადად, წამების საქმეები. ბოკერიას მთელი ეს წლები ისიც აღარ ახსოვდა, რა უთხრა ჩემი საკნიდან გამოსულმა მათიას იორშმა. ახლა ამბობს, დღეს პოლიტიკური დევნა ხორციელდება, ჩვენს დროს კი რევოლუცია მოხდა და პოლიტიკური დევნა ვერ განხორციელდებოდა, რადგან პოლიტიკური ოპონენტებისგან დაცარიელებული იყო არენაო. დაცარიელებული ბოკერიას პათოლოგიური ტვინია, რომელსაც ჰგონია, რომ ხალხს თვალში ნაცარს აყრის. სინამდვილეში ეს არის გახელებული სიშლეგის ადამიანი, რომელმაც ყმაწვილობაში ვერსად (ვერც სკოლაში, ვერც ქუჩაში) დაიმკვიდრა ადგილი და ეს ბოღმად ჩაიდო გულში. საერთოდ, ესენი არიან რაღაც საშინელი ავადმყოფობით დასნეულებული ხალხი, მათგან საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისვენოს!


- ბატონო სულხან, როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს სააკაშვილს მომავალში?


- ყველაზე რეალური პერსპექტივა არის ის, რომ დადგება მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მისი დანაშაული აუცილებლად გახდება ქართული სასამართლოს თუ არა, ჰააგის სასამართლოს მსჯელობის საგანი!


- რომელ დანაშაულს გულისხმობთ?


- 2008 წლის ომიდან დაწყებული ჟვანიას საქმით დამთავრებული, უამრავ დანაშაულს. უკვე გაცხადებულ დანაშაულებს დაემატება ისეთი ფაქტები და დანაშაულებები, რომელთა შესახებ თქვენ ჯერ არაფერი იცით, იქნება ეს იარაღით უკანონო ვაჭრობა თუ ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვა, რაც საქართველოში უმაღლესი ხელისუფლების პირების ხელშეწყობით ხორციელდებოდა. ამის წყალობით სააკაშვილი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ამას ადასტურებს ის, რომ ახლახან ამსტერდამში შეიძინა იახტა, რომელიც თავისი ღირებულებით და დანიშნულებით მსოფლიოს 10 საუკეთესო იახტათა შორისაა. აი, ასეთი „უსახლკაროა" სააკაშვილი. ასე აყრიდა ის მუდამ ხალხს თვალში ნაცარს. რამდენიმე სახლის ღირებულების საფასურს „ბუდა-ბარსა" და რესტორნებში ხარჯავდნენ ერთი ქეიფის დროს ბობოლა „ნაციონალები". ეს ყველაფერი ისე არ მოვიდოდა, თუ არ გაიყიდებოდა ქართული მიწა, წყალი და საქართველოს მომავალი.

სააკაშვილს ერთადერთი გამოსავალი აქვს - დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ყველაფერს გააკეთებს კიდეც ამისთვის, რადგან სხვა მხრივ ის არის განწირული, როგორც სახელმწიფო და პოლიტიკური დამნაშავე.  სააკაშვილი სერიოზულად ემზადება, რომ გაითამაშოს მორიგი „ვარდების რევოლუცია". ამისათვის საჭიროა, მანამდე შექმნას ისეთი ფონი, თითქოს, მხოლოდ მათ დროს რიგდებოდა პენსიები, ხელფასები, მათ დროს იგებოდა გზები, მათ დროს კეთდებოდა საქმე. „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობს და განიხილება ხელისუფლებაში დაბრუნების სხვადასხვა სცენარი, უცხოეთიდან მათ სერიოზულ დაფინანსებას აპირებენ და საქართველოშიც ბევრი მხარდამჭერი ეყოლებათ, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი გასვარეს საკუთარი საშინელი დანაშაულებრივი გზით მოპარული ფულებით.


- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის დანაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას ხალხი დაუშვებს?


- ახლანდელ ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რისთვის მისცა მას ხმა საქართველოს მოსახლეობამ, იმისთვის, რომ სამართალს ეზეიმა. როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი იტყვის, საქართველოს არაფერი ეშველება და ჩვენ ევროპულ სტანდარტებს ვერ დავეწევითო, აუცილებლად უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველო თავისი სამართლებრივი განვითარებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო მსოფლიოში. მე-12 საუკუნეში, როცა განათლებული ევროპა ინკვიზიციის ცეცხლზე წვავდა ხალხს, ჩვენთან მოხდა უნიკალური პრეცედენტი და მეფე თამარმა გააუქმა სიკვდილით დასჯა. 2000 წელს მოითვლის წერილობითი სამართლის ნიმუშები, სადაც აღწერილია, თუ როგორ ტარდებოდა სასამართლოები, გავიხსენოთ თუნდაც გუბაზ მეფის სასამართლოები. ეს ყველაფერი იმისთვის გავიხსენე, რომ ქართულ პოლიტიკურ აზროვნებას შეუძლია, როგორმე დამოუკიდებლად განსაზღვროს, რა არის სამართლიანი და რა - უსამართლო, რა არის ბოროტება და რა - სიკეთე, სად გამოიყენოს სადამსჯელო ღონისძიება და სად - ჰუმანიზმის პრინციპები.


უცხოეთის მაგალითსაც მოგიყვანთ: გაცილებით შავი დღე უდგა ადამიანის უფლებების დარგში ჩილეს - ამერიკის ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, იქ დიდი ხანი ბოგინობდა პინოჩეტის სამხედრო დიქტატურა, რომელსაც თვალთმაქცურად აუღო ალღო სასამართლო ხელისუფლებამ და დიქტატორის მონა გახდა. დიქტატურიდან 40 წლის შემდეგ ჩილეს მოსამართლეთა ნაციონალური ასამბლეა იძულებული გახდა, მიეღო სპეციალური დეკლარაცია, რომელსაც იურისტები ზოგჯერ მონანიება-დეკლარაციას უწოდებენ. დიახ, 40 წლის შემდეგ გახდა საჭირო მონანიება და ბოდიშის მოხდა. დღეს ჩილეში არა მხოლოდ ის მოსამართლეები და პროკურორები აგებენ პასუხს, ვინც მაშინ უშუალოდ ასრულებდა რეჟიმის მითითებებს, არამედ მათ შვილებსა და შვილიშვილებსაც უწევთ კითხვებზე პასუხების გაცემა. მათ სამსახურში მიღებაზე დელიკატურად ეუბნებიან უარს: - კი ბატონო, თქვენ იურიდიულად არ აგებთ პასუხს, მაგრამ სირცხვილია, გერქვათ იმ ადამიანის შვილი, ვინც სხვისი წინაპრები იმსხვერპლაო.


გაიხსენეთ გერმანია, სადაც კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის სასამართლოებში ყველა მოსამართლე გაათავისუფლეს. ანალოგიურად მოიქცნენ ბალტიისპირეთშიც, სადაც დაიწყეს არა მარტო იმ მოსამართლეთა გათავისუფლება, რომლებიც საბჭოთა პერიოდში უმსგავსობას სჩადიოდნენ, არამედ კერძო საკუთრების დაბრუნებაც.


რა ღმერთი გაგვიწყრა ჩვენ? რატომ ვეუბნებით მოქალაქეებს უარს სამართლიანობის აღდგენაზე? ამით არც საერთაშორისო კანონმდებლობა დაირღვევა და არც ურთიერთობები შეილახება უცხოელ პარტნიორებთან. არავის არცერთ რეკომენდაციაში არ უთქვამს, დამნაშავეს ხელი დააფარეთ და ანგელოზად გამოაცხადეთო. მსოფლიოში მხოლოდ ისეთ ქვეყანას სცემენ პატივს, სადაც სამართლიანობა დაცულია და დამნაშავე პასუხს აგებს!



ესაუბრა თეა ასათიანი

2014 წელი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner