„ვფიქრობ, რომ შერიგება შესაძლებელია, უბრალოდ, სომხეთის ხელმძღვანელობამ აგრესიულ პოლიტიკაზე უარი უნდა თქვას“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იტალიურ „Rai-1“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თქვენ იცით, ამ თვის განმავლობაში მე თითქმის ყოველდღე ვეკონტაქტები უცხოური მედიის წარმომადგენლებს და აზერბაიჯანელი ხალხისადმი ჩემს მიმართვებში ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩვენს პოზიციას. ჩვენ ვხედავთ ყარაბაღის რეგიონის მომავალს - არა მხოლოდ მთიანის, არამედ დაბლობისასაც, რადგან ყარაბაღი აზერბაიჯანის დიდი ნაწილია - როგორც აყვავებული, მშვიდობიანი ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანელები, რომლებიც იქ უნდა დაბრუნდნენ და იქ მცხოვრები სომხები ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ.
ჩვენი პოზიცია ასეთია: მე ვთვლი, რომ მხარეთა ორმხრივი ნების შემთხვევაში, ამის მიღწევა შესაძლებელია, რადგან დღეს ბაქოში და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში ათასობით სომეხი ცხოვრობს. აზერბაიჯანელებს და სომხებს რუსეთსა და საქართველოში ბიზნესი აქვთ ერთად, ჰყავთ შერეული ოჯახები. ამიტომ ვფიქრობ, რომ შერიგება შესაძლებელია, უბრალოდ, სომხეთის ხელმძღვანელობამ აგრესიულ პოლიტიკაზე უარი უნდა თქვას და თუ ეს მოხდება, ჩვენი ინვესტიციებით და ქვეყნის აღმშენებლობის გამოცდილებით, შეგვიძლია, ეს რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეგიონად ვაქციოთ. ამისათვის ომის შედეგები უნდა აღმოიფხვრას, ოკუპაცია უნდა აღმოიფხვრას, აზერბაიჯანელები უნდა დაბრუნდნენ იმ მიწებზე, სადაც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და სომხურ მოსახლეობასთან მეზობლობაში, ჰარმონიულად იცხოვრონ.
ეს ადვილი არ იქნება, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ შერიგდნენ ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ევროპის ქვეყნები ომობდნენ.
მაგრამ ეს არ უნდა იყოს მუდმივად ჩაჭედილი მეხსიერებაში და არ უნდა წარმოშვას სიძულვილი, რასაც დღეს სომეხი იდეოლოგები აკეთებენ.
კეთილი ნება გამოხატული უნდა იყოს. თუ ეს მოხდება, იქნება ის, რასაც ვამბობ. თუ არადა, ამ მიწებს ჩვენ მაინც დავიბრუნებთ. ამას აჩვენებს საბრძოლო ველზე ამჟამინდელი მდგომარეობა. ჩვენ მათ ნებისმიერ ფასად დავიბრუნებთ - ან მშვიდობიანად, ან ომით, მაგრამ ჩვენ დავიბრუნებთ. ამიტომ ვფიქრობ, სომხეთის ხელმძღვანელობა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ამაზე და სწორი ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.