იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერმა თეა წულუკიანმა, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
წულუკიანმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ავთანდილ გალდავას პერსონა გამოყო და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია - ზემო სვანეთში მრავალი სხვა პოლიციელი იყო, ვინც ბატონი ავთანდილის ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა.
„მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ჩვენ ყველამ ის ძარცვა და ათეულობით ადამიანის მძევლად აყვანა ვიხილეთ, პირველი შემთხვევაა, როცა მე მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და თქვენის ნებართვით, მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო ზემო სვანეთის მთლიან შემადგენლობას, თუმცა, ალბათ არვინ მიწყენს, თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ასეთი ადამიანები და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში მრავალი სხვა პოლიციელი იყო, ვინც ბატონი ავთანდილის ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე გააკეთებდა ამ არჩევანს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისად, ეს მადლობა ეკუთვნით მათ.
ასევე, მადლობა ეფუძნება იმას ჩემი მხრიდან, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისა, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ, სამწუხაროდ, ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს, გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით. ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო.
მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. ბატონი მინისტრი პირველივე საათებიდან ზუგდიდში იმყოფებოდა და პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ამ პროცესს. მე მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ ადამიანების სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას - მე მინდა, ყველას შეგახსენოთ, რაც არის საერთაშორისო და უფრო კონკრეტულად, ევროპული სტანდარტი, როდესაც სახელმწიფოს და უფრო კონკრეტულად, პოლიციელს აქვს არჩევანი, გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე. ადამიანის უფლებების სტანდარტი ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულება არის, ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.