ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა.
ბათუმელებს და პრეზენტაციის სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა.
თორნიკე რიჟვაძემ პროექტის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბათუმის მერიას აქტიური მხარდაჭერა ექნება, რათა ეს პროექტი შესრულდეს მალე და ქალაქში გადაიჭრას მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა.
„ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის განსაკუთრებული დღეა. ბათუმის თვითმმართველობამ ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში შეიმუშავა პროექტი, რომელიც იქნება ახალი სარეკრეაციო, უნიკალური დანიშნულების სივრცე ბათუმში. მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც ინფრასტრუქტურულ ჭრილში, ასევე მათი უფლებების და ზრუნვის ნაწილში. ამავე დროს, ბათუმს ექნება ახალი სივრცე იპოდრომისთვის და ეს განავითარებს როგორც სარეკრეაციო მიმართულებას ბათუმში, ასევე გახდება ახალი ატრაქცია როგორც ბათუმელებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის.
გამოვდივარ ინიციატივით, რომ ახალი ცხოველთა თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს. დარწმუნებული ვარ, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება და ახალი ცხოველთა თავშესაფარიც ამ თემატიკით დაიბრენდება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პროექტის ფარგლებში იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული არენები, ტრიბუნები, ცხენების სადგომი შესაბამისი დამხმარე ნაგებობებით და სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ცხოველთა თავშესაფრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საზაფხულო და ზამთრის ვოლიერების, ძაღლების სავარჯიშო ტერიტორიის, საკარანტინე და პოსტოპერაციული ბოქსების, ვეტერინარული აფთიაქის, საოპერაციოს, კრემატორიუმის, სასტუმროს ტიპის ინდივიდუალური ჯიხურების მოწყობა. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, დაგეგმილია ინკლუზიური პარკის, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ველობილიკების მოწყობა, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვისთვის.