logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ შარშან საგარეჯოში ჩაბარებული ყურძნის თანხა რომელიღაც ბიზნესმენმა მიითვისა
- +

30 ივნისი. 2016. 10:38



„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს რაიონში შარშან ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა, ყოველ შემთხვევაში, თანხა არ არის მისული ადრესატამდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვა, ეს საკითხი მოიკვლიოს და თუ საჭირო იქნება, ჩართონ შესაბამისი უწყებები.



„მინდოდა, სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის მეთხოვა, მაქსიმალურად მოვიკვლიოთ, თუ საჭირო იქნება, ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები. როდესაც სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, რათა დავასუსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, ეს  არ უნდა ნიშნავდეს,  რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. ძალიან გთხოვთ,  მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი. თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა, არის განხილვადი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ კი აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ცნობილია, საუბარია რამდენიმე სოფლიდან 50 მევენახეზე და ჯამში 200 ათას ლარზე მეტია დავალიანება.



იყო გამოძიება, რომლის შესაბამისად, კომპანიას არ გააჩნია ის აქტივები, რომელიც დააკმაყოფილებს ამ დაზარალებულ ადამიანებს. თქვენს დავალებას მივიღებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, რომ მინიმალური იყოს ზარალი", - განაცხადა დანელიამ.



სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, „ეს არის სამწუხარო ფაქტი", პრემიერმა მინისტრს სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ სამწუხარო კი არა, უფრო ამაზრზენი ფაქტია.



„სამწუხარო არა, ამაზრზენი ფაქტია. ეს არის იმ ადამიანების ფულის მითვისება, ვინც ამაზეა დამოკიდებული მთელი წელი. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოკლე დროში მოხდეს ამ საკითხის გარკვევა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner