„ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბარში, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ამერიკის პოზიციისა და ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ საუბრობს. ინტერვიუს ჩანაწერს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს პროცესს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო, და ის ხალხმა ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან არჩევნებში, თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ ხმა მისცენ ერთ პარტიას ან დაწინაურების პირობა, რომ ხმა მისცენ სხვა პარტიას.
თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას. ეს არ ნიშნავს, ბიულეტენების ჩაყრას, არც მრავალჯერადი ხმის მიცემას არც გაყალბებას გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღების დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა ვნახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც დაიკისრა. ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანის თქმით, სურს, შაბათს იხილოს ამომრჩევლის აქტიურობა.
„მსურს, ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის, დათესოს დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მე მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“, – აცხადებს კელი დეგნანი.