საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ზვიად გამსახურდიას მომხრეობას ვერავინ დაასრულებს, ვიდრე საქართველო იდგება! წარმოვიდგინოთ აწყობილი, შემდგარი, ცივილიზებულად განვითარებული ქვეყანა X, თუმცა, მძიმე და საშინელი წარსულით. მას ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჯერ დაამხეს, მერე მოკლეს. მისმა მომხრეებმა რამდენიც შეეძლოთ, იბრძოლეს კანონიერი ხელისუფლების დასაცავად, როცა საჭირო გახდა, მათ თავიანთი სისხლი დაღვარეს იმ ტერიტორიებზე, რომელთაც მეზობელი მტარვალი და აგრესორი Y ქვეყანა მის მიერ მართული სეპარატისტების ხელით ედავებოდა მათ სამშობლოს. ნაცვლად დაფასებისა და მადლობისა, ეს ხალხი ათრიეს ციხეებში, დახვრიტეს მიტინგებზე, გააქციეს ქვეყნიდან, აცხოვრეს წლების მანძილზე ტყეებში, არ გააკარეს ნორმალურ თანამდებობას.
ეს X ქვეყანა, როდესაც დააპირებდა კავშირის გაწყვეტას მძიმე წარსულთან, ყველაფერს გააკეთებდა, რომ ეს ადამიანები საზარელ, სამარცხვინო დანაშაულთან კი არ დაეკავშირებინათ, არამედ მათთვის ღირსეული ცხოვრება უზრუნველეყოთ სიბერეში მაინც, თუნდაც ღირსეული პენსიით, ჯანდაცვასთან დაკავშირებული შეღავათებით, სახელმწიფო ჯილდოებით, ვეტერანებისთვის სამხედრო ფორმების შეკერვით და წელიწადში ერთხელ მაინც პარადის ორგანიზებით. და რასაკვირველია მათთვის ბოდიშის მოხდით.
და ბოლოს, ამ ქვეყანაში აღარავინ გამოვიდოდა და არ იტყოდა, დროა, დასრულდნენ ისინიო“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.