„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსის ფირუზ გელაშვილის ოჯახის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გელაშვილი სპეციალისტების მოწოდებაზე, რომ მან კორონავირუსზე კვლევა ჩაიტაროს და თვითიზოლაციაში გადავიდეს, კატეგორიულ უარს აცხადებს. ამის შესახებ „ქრონიკას“ ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სამსახურის ხელმძღვანელის ნუნუ ნოზაძის განმარტებით, ის ფირუზ გელაშვილს რამდენჯერმე ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა ყველა მოთხოვნა, რომ დაიცვას წესები და დაემორჩილოს სპეციალისტების მოწოდებას, უშედეგოა.
„ჩვენ იძულებულები გავხდით, შესაბამის ძალოვან უწყებებს დავკავშირებოდით, რამდენადაც ეს არის რთული შემთხვევა. შესაძლოა, ის იყოს ვირუსის მატარებელი და მუნიციპალიტეტში ეპიდმდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს. ფირუზ გელაშვილი ამბობს, რომ ის ვერ გადავა თვითიზოლაციაში, ვინაიდან აქტიურად არის ჩართული საარჩევნო მარათონში და ამ პროცესს თავს ვერ დაანებებს. ეს ფაქტი მიუღებელია და საფრთხის წინაშე დგას ყველა, როგორც ოჯახის წევრები, ასევე მისი სამსახურის თანამშრომლებიც“, - განაცხადა ნუნუ ნოზაძემ.