თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:
ბავშვობაში მინდოდა...
- ვერ გეტყვით, რომ თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, აუცილებლად სიმღერასა და მუსიკას დავუთმობ ცხოვრებას-მეთქი, მაგრამ, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, ულამაზესი წლები, რომელმაც უამრავი ტკბილი მოგონება დამიტოვა.
მეშინია...
- მაშინებს ყველაფერი, რაც მგზავრობას უკავშირდება, აეროპორტი, რკინიგზის სადგური, მეტრო. იმ ხმის მეშინია, რომელიც აცხადებს ამა თუ იმ თვითმფრინავის გაფრენას ან მატარებლის ჩამოდგომას. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობიდან ასე ვარ, როგორც ჩანს, რაღაც ცუდ ასოციაციას იწვევს ჩემში ეს ხმა. ალბათ, ეს ფობიაა, ამ დროს აბსოლუტურად უმართავი ვხდები.
მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
- ეს იყო ჩემი ოჯახის დანგრევა. ძალიან დიდი ტკივილი. ბევრჯერ დანგრევისთვის განწირული ოჯახები გადამირჩენია, მე კი თვითონ ვერაფერი ვუშველე ამ ამბავს. ამან ძალიან შემცვალა. უცბად ძალიან მებრძოლი გავხდი და მივხვდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სასოწარკვეთა, იმიტომ, რომ მე შვილები მყავდა.
მარტო ყოფნისას...
- ხანდახან ძალიან მიყვარს მარტო დარჩენა. განმარტოების დროს, გაგიკვირდებათ და, ვმღერი, არსებობს ისეთი სიმღერები, სადაც საკუთარ თავს ვპოულობ.
მარადიულია...
- ამქვეყნად მარადიული მხოლოდ დედაშვილობაა. თამამად შეიძლება ითქვას, ის ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ღერძია, არაფერს შეუძლია მისი დამარცხება.
მოხუცი, ალბათ, ვიქნები...
- ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მოხუცი. ვერ ვხვდები, როგორი შეიძლება ვიყო, ამიტომ ხანდახან მგონია, რომ არ მოვხუცდები, ყოველგვარი სენტიმენტებისა და სევდის გარეშე ვამბობ ამას.
მენატრება...
- ძალიან მენატრება მამა, მგონია, ახლაც ჩემს გვერდით არის და ჩემთან ერთად განიცდის ჩემს ტკივილსა თუ სიხარულს, ხანდახან ძალიან მინდა, მისი აზრი გავიგო, ის რას იტყოდა, როგორ მოიქცეოდა...
ვბრაზდები, როცა...
- ძალიან მაბრაზებს უტიფრობა, ორპირობა, ტყუილი. განსაკუთრებით მაბრაზებს, როდესაც ამ ყველაფერს ადამიანები დაუფარავად აკეთებენ, არც წუხან, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყოს.
ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
- თუ ჩემი შვილები მეყოლებოდა, რა თქმა უნდა, არაფერს შევცვლიდი, რადგან მათ გამო ნამდვილად ღირდა ყველა ის ტკივილი, რაც გადავიტანე, თუმცა ძნელია მაინც ასე ცხოვრება. ქალი მარტო არ უნდა იყოს, თუმცა მე პირადად ასე არ მოვიქეცი...
თამთა ასათიანი