თბილისის მერიაში შესულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა 31 ოქტომბერს აქციის გამართვის თაობაზე.
მერიაში განმარტავენ, რომ ნებისმიერ ღონისძიებასთან დაკავშირებით შესულ წერილს იღებენ ცნობად, მერია არ გასცემს არც ნებართვას და არც კრძალავს, მხოლოდ იღებს ინფორმაციას.
საქართველოს პირველ არხს მერიიდან მიაწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვის ასლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის 31 ოქტომბერს, შაბათს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს მშვიდობიან საჯარო შეკრებას, რაც, მონაწილეთა შესაძლო მნიშვნელოვანი რაოდენობის ზრდის გამო, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხალხისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის შეფერხება-შეჩერებას.
„გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ორგანიზატორების მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, მათ შორის პირბადეებით უზრუნველყოფა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება“, – აღნიშნულია პარტიის მიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ აქციის ჩატარების დროდ მითითებულია 31 ოქტომბრის 12:00-დან 24:00 საათამდე პერიოდი.