რიოს 2016 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება. გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს.
აღმასკომის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სეოკ-ის პრეზიდენტის, XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ლერი ხაბელოვის წინადადებას ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშედ ავთანდილ ჭრიკიშვილის დამტკიცების შესახებ.
ასევე გადაწყდა, რომ ოლიმპიური ფიცის დადების და დელეგაციის საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართება 23 ივლისს დიღომში, ახალი ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე. იმავე დღეს ქართველ ოლიმპიელებს უმასპინძლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 5-21 აგვისტოს გაიმართება.